"ნაციონალური მოძრაობიდან" წასული ახლა აღიარებს, რომ ქვეყანას მოქმედი ხელისუფლება ჰყავს, პარლამენტის ბოიკოტის, ვერშემდგარი რევოლუციისა და მიუღწეველი ახალი არჩევნების შემდეგ კი, ოპოზიციაში დარჩენილებმა რეალობის აღქმა დაკარგეს. სააკაშვილის გუნდის ყოფილი წევრი თავს ესხმის ყველას, ვინც დიდი პოლიტიკური იმედგაცრუების შემდეგ საკუთარ მხარდამჭერებს ემალება და სათქმელიც აღარაფერი აქვს.
ობოლაძის აღიარებას არ იზიარებენ "ფედერალისტები". ახსენებენ, რომ 4-ში დაწყებისა და 4-ში დასრულების გეგმის ე.წ. თბილისის გამოგლეჯის იდეის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი თავადაც იყო.
ესეც მხოლოდ პოლიტიკური განქორწინების შემდეგ ნათქვამია. გუნდიდან წასულებს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს ტონი დაუწუნა, თუმცა მათი სიმართლე ვერ უარყო. საბოლოოდ, სააკაშვილის პარტიაში იძულებული გახდნენ ეღიარებინათ, რომ ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას ბრძოლის რესურსი ამოწურული აქვს.
ასეთ აღიარებას, სახელისუფლებო გუნდი, სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებისგანაც ელოდება. "ქართული ოცნება" აქციების მომხრეებს ურჩევს, გარედან მიღებული დირექტივების ნაცვლად, საკუთარ პრობლემებზე იფიქრონ.
ოპოზიციას საკუთარი მხარდამჭერებისთვის რომ სათქმელი აღარაფერი აქვს - აღიარებს "ძლიერი საქართველოც". "ლელოს" გენერალური მდივანი ხაზარაძე-ჯაფარიძის გაუჩინარებას, პოლიტიკური სტრატეგიის არარსებობით ამართლებს და ცდილობს ამტკიცოს, რომ ლიდერები სცენაზე მალე დაბრუნდებიან.
"ლელო"ს საარჩევნო პარტნიორები კი ირწმუნებიან, რომ მათი რიგებიდან არავინ იმალება. გახარიას გუნდი კრიტიკის ადრესატად თავს არ მიიჩნევს, თუმცა თავად აკრიტიკებს და პროვოკაციაში ადანაშაულებს ყველას, ვინც მათი პოლიტიკური გზით არ იარა.
მმართველი პარტიისთვის, სწორი პოლიტიკური გზით, პარლამენტში შესვლამდე, არც გახარიას გუნდს უვლია. თუმცა "ქართული ოცნებისთვის" უფრო მძიმე მდგომარეობაში ახლა, ქუჩაში დარჩენილები არიან. სახელისუფლებო გუნდი ყველას ურჩევს - საბოლოო ნაბიჯი გადადგან და პოლიტიკური ასპარეზიც დატოვონ.
ოპოზიციაში დაპირისპირების და აღიარების ახალი ეტაპი რამდენიმე დღის წინ დაიწყო. ლევან ხაბეიშვილი სასამართლო დარბაზიდან თავს დაესხა და გამბედაობა დაუწუნა ყველას, ვინც ქუჩის ნაცვლად მხოლოდ სატელევიზიო ეთერებში დადის.