14 აგვისტო 2026,   08:30
ვრცლად
"მივესალმებით და ვეთანხმებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით" - ბერდია სიჭინავა

20 ივნისის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და პოლიტიკური შეფასებები - ევროსასამართლომ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოყენებული ძალა და სპეციალური საშუალებები მიმართული უნდა ყოფილიყო იმ დემონსტრანტების მიმართ, რომელთა ქმედებაც იყო ძალადობრივი.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, იმის გამო, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ვერ უზრუნველყო ამ სტანდარტის დაცვა და პროპორციული ძალის გამოყენება, დადგინდა ევროპული კონვენციის მესამე, მეათე და მეთერთმეტე მუხლების დარღვევა. ეს არის არასათანადო მოპყრობა, გამოხატვის და შეკრების თავისუფლება.

თავად გიორგი გახარიას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია. კომენტარი გააკეთა პარტიის "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ, რომელმაც თქვა, რომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას ეთანხმება.

"მივესალმებით და ვეთანხმებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით. ცალკეულ შემთხვევებში, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენების პირობებში, იყო ძალის გადამეტება, არაპროპორციული ძალა გამოყენებული, რაც ასევე სასამართლოს შეფასებით, ეფუძნებოდა არასათანადო რეგულაციებს, აღნიშნული დაადასტურა სასამართლომ. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, თქვენ იცით, რომ გიორგი გახარიას ბრალდება ედავება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებას, თუმცა, ბრალდების შესახებ დადგენილებაში ასევე მითითებულია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ბრძანება არ გაუცია და არაპროპორციულობის ნაწილში, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორედ რეზინის ტყვიებთან დაკავშირებულ ეპიზოდს ეთმობა," - აცხადებს ბერდია სიჭინავა.

 

დღის ამბები