14 აგვისტო 2026,   09:29
ვრცლად
იციკ მოშე: მჯერა საქართველოს უსაფრთხოების, მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოსთან შედარებით, საქართველოში ყველაზე კარგი სიტუაციაა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იციკ მოშე გამოიკითხა.

დღეს რამდენიმე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია რომლის მიხედვითაც, ქნესეთის წევრებმა ტერორისტული თავდასხმების საფრთხის გამო საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმეს.

იცის მოშემ განაცხადა, რომ პარლამენტარებს არ გაუუქმებიათ საქართველოში ვიზიტი:

"ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ისრაელის ერთ-ერთი პარლამენტარისგან, რომელიც საქართველოში ჩამოდიოდა. ის ამბობს, რომ ქნესეთში იურიდიულმა განყოფილებამ უთხრა, რომ სასურველია არ წავიდეს საქართველოში. მიუხედავად ამ ინფორმაციისა, პარლამენტარებს არ გაუუქმებიათ საქართველოში ვიზიტი.

დელეგაციის წევრების ნახევარი უკვე საქართველოშია, ბიზნესფორუმი და ისრაელის კვირეული ტარდება. მჯერა საქართველოს უსაფრთხოების. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოსთან შედარებით, საქართველოში ყველაზე კარგი სიტუაციაა. ბიზნეს ფორუმის და ისრაელის კვირეულის ჩატარება საქართველოში ნიშნავს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა და არაფერი დაზიანდება,"- აცხადებს  საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატის ხელმძღვანელი იციკ მოშე. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა: "გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში ტერორისტული თავდასხმების საფრთხეებია, უწყებაში დაბარებულმა იციკ მოშემ განაცხადა, რომ ამის შესახებ ქნესეთის წევრისგან მიიღო ინფორმაცია, რომელსაც თავის მხრივ ეს ინფორმაცია მიაწოდა ქნესეთის ეთიკის კომისიის რომელიღაც წარმომადგენელმა. ინფორმაციის უფრო კონკრეტული და სერიოზული წყარო იციკ მოშემ ვერ დაასახელა. კითხვაზე იმის შესახებ, თუ რატომ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რომ საფრთხის შესახებ გაფრთხილებულია ქართული მხარე, იციკ მოშემ ეს ფაქტი საერთოდ უარყო. მისი განმარტებით, ჟურნალისტებს უთხრა, რომ თუ საფრთხე რეალური იქნებოდა, ამის შესახებ აუცილებლად შეატყობინებდნენ ქართულ მხარეს. კიდევ ერთხელ, კატეგორიულად ვთხოვთ ყველას, თავი შეიკავონ ასეთი აბსურდული, არასერიოზული, ქვეყნისთვის დამაზიანებელი და ამავე დროს, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან", - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები