"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციონერებს ციხიდან მკაცრად აკრიტიკებს. ხაბეიშვილი მათ მეტი გამბედაობისკენ მოუწოდებს და ურჩევს, ტელეეკრანებიდან ილუზორულ ერთობაზე საუბრისგან თავი შეიკავონ.
აღნიშნულ განცხადებებს "ღამის კურიერის" ეთერში "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე პასუხობს:
"ზოგადად, ოპოზიციონერობა ბევრი გონივრული ნაბიჯის და შრომის ერთობლიობაა, რომელიც გულისხმობს მოქალაქეებთან კომუნიკაციას, შეცდომების არ დაშვებას, საგარეო პოლიტიკაზე მუშაობას, სწორ ოპონირებას და ა.შ. ამის მიღმა ერთობის საკითხი რაღაც, ბოლო პერიოდში, აქტუალური გახდა. თუ ჩვენ შეგვიძლია, რომ ოპოზიციის ერთობაზე ვისაუბროთ, ეს ერთობა შესაძლებელია, რომ მხოლოდ იყოს სტრატეგიული ერთობა, სტრატეგიული წინააღმდეგობის ფორმებზე შეთანხმების სახით. მაგალითად, ჩვენ ვთანხმდებით, რომ არჩევნების გზა არის წინააღმდეგობის სწორი ფორმა, მშვიდობიან პროტესტთან ერთად, მაგრამ უახლოეს წარსულში, ჩვენ ვნახეთ, ცალმხრივი ბრალდებები ჩვენს მიმართ, ერთმანეთში ბრალდებები. ჩვენ არჩევნების გზა ავირჩიეთ, ვიღაცამ რევოლუციის გზა აირჩია, ვიღაცამ საერთოდ ბოიკოტის გზა აირჩია. ამ ვითარებაში, თუ ეს სტრატეგიები რადიკალურად განსხვავებული იქნა, საერთოდ, როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ ამ პირობებში?! - ჯერ სტრატეგიაზე უნდა შევთანხმდეთ," - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.