პარლამენტში, 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას, პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ, შალვა კერესელიძემ აღნიშნა, რომ პარტია საბიუჯეტო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.
"ალბათ ადამიანები, ვინც გაცნობილი არ არის ბიუჯეტს, ფინანსთა მინისტრის გამოსვლის შემდეგ, იფიქრებდნენ, რომ მართლა საოცარი ბიუჯეტია, რომელიც თავიდან ბოლომდე მორგებულია ქვეყნის ინტერესებსა და საზოგადოებაზე. მაგრამ თუ დეტალებში ჩავიხედავთ, მაშინ უნდა გითხრათ, რომ საქმე სულ სხვაგვარადაა. როდესაც სამომხმარებლო ბაზარზე პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტების ფასები კატასტროფულად მატულობს და ამ დროს ჩვენ 20-დან 45 ლარამდე პენსიის გაზრდით ვამაყობთ, დამეთანხმებით, რომ აქ საამაყო არაფერია.
თქვენ ეს ბიუჯეტი როგორ ჭრილშიც არ უნდა წარმოაჩინოთ და დაგვანახოთ, ამ ბიუჯეტს ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება," - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტში ბიუჯეტი განიხილეს. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა წარუდგინა. პროექტში რეალური ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტია, მისი ჯამური ოდენობა 36 მილიარდ 300 მილიონია.
მომავალი წლიდან იზრდება პენსიები და საჯარო მოხელეების ანაზღაურებაც. პროექტში გათვალისწინებულია დაფინანსების ზრდა სხვადასხვა სამინისტროსთვის, მათ შორის ძალოვანი უწყებებისთვის.