14 აგვისტო 2026,   02:13
ვრცლად
"საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური სვეტიც" - პაატა სალია ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია სტრასბურგში ევროპის საბჭოს იუსტიციის მინისტრების კონფერენციაში მონაწილეობს. მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მიგრაციის პოლიტიკის ფორმირებისა და მართვის პროცესში, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების და, მეორე მხრივ, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების დაცვის აუცილებლობაზე; მიგრაციის საკითხებზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების მნიშვნელობაზე.

კონფერენციის ფარგლებში პაატა სალიამ კოლეგებს მიგრაციის მართვის მიმართულებით საქართველოს გამოცდილებაც გაუზიარა.

"ნება მომეცით, ჩემი გამოსვლა დავიწყო ამ მინისტერიალის გამართვის სიმბოლური მნიშვნელობის ხაზგასმით, დღეს 10 დეკემბერს - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს.

ამ დღეს ყველას გვახსენდება, რომ ჩვენი კოლექტიური საქმიანობის, და თავად ევროპის საბჭოს არსებობის, საფუძველი ადამიანის ღირსების დაცვაა.

ამ კონფერენციის დღეს ჩატარება ხაზს უსვამს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზავნილს: მიგრაციის პოლიტიკის, სამართლიანობის პოლიტიკის და ადამიანის უფლებების ვალდებულებები არ შეიძლება იყოს ერთმანეთისგან განცალკევებული. ისინი ერთად არსებობენ.

წევრი სახელმწიფოების ეს მაღალი დონის წარმომადგენლობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს საერთო ვალდებულებას და საერთო მიდგომას სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების უზრუნველსაყოფად, ამასთანავე, ხაზს უსვამს სასამართლოს ცენტრალურ როლს, მის დამოუკიდებლობას და საზედამხედველო ფუნქციას, როგორც კონტინენტზე ყველაზე ავტორიტეტულ სასამართლო და ადამიანის უფლებების გარანტს.

საქართველო ამ დიალოგს უდგება, როგორც ევროპული ოჯახის ერთგული წევრი და როგორც ქვეყანა, რომელმაც თავად განიცადა მიგრაციის დინამიკის სრული სპექტრი - რუსეთის ფედერაციასთან ომის შედეგად გამოწვეული შიდა გადაადგილებიდან დაწყებული, ემიგრაციითა და დაბრუნებით, ჩვენს ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის, სამუშაოს ან დაცვის მაძიებელი უცხოელების მზარდი რაოდენობით დამთავრებული.

ძვირფასო კოლეგებო, ზოგიერთი სახელმწიფო მიდრეკილია მიგრაციის შეღავათების ბოროტად გამოყენებისკენ. მაგალითად, წელს საქართველო რუსეთის ფედერაციიდან კრიმინალების ჯგუფის საზღვარზე მიღების გამო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ამ ჯგუფს არ მიეცა საქართველოში შესვლის ნებართვა. ასევე, უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით და სტრასბურგის სასამართლოს ჩართულობით, ჩვენ მოვახერხეთ უკრაინელების მათი წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნება.

ეს მრავალფეროვანი რეალობები აძლიერებს ჩვენს რწმენას, რომ სამართლიანობა, ჰუმანურობა და კანონის უზენაესობა მიგრაციის მართვის სახელმძღვანელო პრინციპებად უნდა დარჩეს.

საქართველოსთვის მიგრაციის მართვა არა მხოლოდ შიდა პრიორიტეტია, არამედ ჩვენი საერთაშორისო სამართლებრივი ჩართულობის ძირითადი ელემენტი და ევროკავშირთან ინტეგრაციის დღის წესრიგის ერთ-ერთი ფუნდამენტური სვეტი.

ჩვენი მიგრაციის სტრატეგიის გრძელვადიანი ხედვა ეფუძნება "მიგრაციისა და განვითარების" ცნებას, რომელიც განიხილება, როგორც მოწინავე მიდგომა, რომელიც მიზნად ისახავს მიგრაციის ნეგატიური ასპექტების მინიმიზაციას და მისი დადებითი ეფექტების მაქსიმიზაციას, რაც ხელს შეუწყობს ზოგადად საქართველოს განვითარებას.

ჩვენ ყველანი ვაღიარებთ მიგრაციის სარგებელს და პრიორიტეტს ვანიჭებთ მიგრანტების დაცვას, მიუხედავად იმისა, რომ უსაფრთხოება ლეგიტიმური საზრუნავია ევროპისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ქვეყნებისთვის.

მთავარი გამოწვევა უსაფრთხოების საჭიროებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მოთხოვნილების დაბალანსებაა.

სინამდვილეში, ისინი ღრმად არიან ურთიერთ დაკავშირებულნი. უსაფრთხო საზოგადოება არის ის, სადაც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ დაიცავენ - საზოგადოება, სადაც კანონის უზენაესობა ჭარბობს და თითოეული ინდივიდი თავს უსაფრთხოდ გრძნობს.

დასასრულ, მინდა ხაზი გავუსვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თითოეული წევრი სახელმწიფო ინარჩუნებს სრულ სუვერენიტეტს თავისი ეროვნული პოლიტიკის ჩამოყალიბებაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს როლი კვლავ უმნიშვნელოვანესია. კონვენციის სისტემა და სასამართლოს იურისპრუდენცია კვლავ ქმნის საერთო საფუძველს, რომელიც აძლიერებს ჩვენს დემოკრატიებს და იცავს ყველა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს მთელ ევროპაში.

საქართველო მზადაა, ითანამშრომლოს ყველა წევრსახელმწიფოსთან, რათა უზრუნველყოს, რომ ჩვენი კონტინენტი მიგრაციას პასუხისმგებლობით, სოლიდარობითა და ჰუმანურობით უპასუხებს", - აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ინიციატივით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის მინისტრები და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლები.

 

დღის ამბები