04 აგვისტო 2026,   21:26
ვრცლად
19 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 926 კილოგრამი ნარკოტიკი, რომელიც ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით მიიტანეს, უკვე განადგურებულია

შავ ბაზარზე 19 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების, 926 კილოგრამი ნარკოტიკი უკვე განადგურებულია.

უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკი ადგილზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომების დაცვით მიიტანეს. ტერიტორიაზე საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტომობილები დილის 10 საათზე გამოჩნდნენ.

კოკაინი, ჰეროინი, მეთადონი, ემდიემაი, ალფა-პვეპი, კეტამინი, კლეფედრონი, ბუპრენორფინი, ტრამადოლი, კოდეინი, დიაზეპამი, მარიხუანა, ფსიქოტროპული და ფსიქოაქტიური ნივთიერებები - პროტოკოლით გაწერილი წესებით დაწვეს. უსაფრთხოების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე სპეციალური აღჭურვილობით მუშაობდნენ.

განადგურებამდე 926 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკი, დალუქულ მდგომარეობაში, თანამედროვე სტანდარტების საცავში ინახებოდა.

19 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების განადგურებული ნარკოტიკი იმ საქმეების მთავარი მტკიცებულებები იყო, რომლებზეც განაჩენი უკვე დადგა და ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულებს სასჯელიც უკვე აქვს მიღებული.

საპოლიციო ღონისძიებების და მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, სხვადასხვა დროს ამოღებულ ნარკოტიკს დაახლოებით სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ უწყება 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ამას ბოლო დღეებში ნარკოდანაშაულის ფაქტების აღკვეთაც ადასტურებს.

ნარკოდანაშაულზე კანონი უფრო გამკაცრებულია და დანაშაულის ჩამდენს 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები