19 ივნისი 2026,   00:19
ვრცლად
მთავარი პირობა, რომელიც ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა - რა განცხადებები გააკეთა დონალდ ტრამპმა ევროკავშირზე

მთავარი პირობა, რომელიც ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდაზე დევს უკრაინაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაა. დონალდ ტრამპმა ""პოლიტიკოსთან"" ინტერვიუში უკრაინის ხელისუფლება ომის გაჭიანურებაში ღიად დაადანაშაულა და გაიმეორა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრი სახლის სამშვიდობო გეგმა ამ დრომდე არ წაუკითხავს. ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის მოკავშირეებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები სუსტები და უუნაროები არიან.

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის პრეზიდენტზე სერიოზულ ზეწოლას ახორციელებს, ინფორმაცია ""აქსიოსმა"" გაავრცელა. გამოცემა წერს, რომ ვაშინგტონს მოთხოვნაა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის ტერიტორიები უმოკლეს ვადაში დათმოს. სტატიის ავტორთან საუბრისას, უკრაინელმა მაღალჩინოსანმა ისიც განმარტა, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმის ახალ ვერსიაში კიევისთვის წაყენებული პირობები გაუარესდა, ღია რჩება ომში მყოფი ქვეყნისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხიც.

კიევის მიმართ ვაშინგტონის მიერ წაყენებულ კონკრეტულ მოთხოვნებს ""პოლიტიკო"" ასაჯაროებს. ირკვევა, რომ სამშვიდობო შეთანხმების დადების მიზნით, ახლა თეთრი სახლის ადმინისტრაცია უკრაინას დონბასის ტერიტორიიდან სამხედროების გაყვანას სთხოვს, მათ შორის რეგიონის იმ ნაწილიდან, რომლებიც გამოცემის ინფორმაციით ამ დრომდე უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. კიევს სთავაზობენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ჩაბარებასაც. საერთაშორისო მედია გასაიდუმლოებული პროექტის კიდევ რამდენიმე პუნქტს ასახელებს, რომელზეც უკრაინას ხელმოწერას სთხოვენ მათ შორისაა ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარის თქმა.

ამ დრომდე უცნობია, რა პასუხს გასცემს უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელი კოლეგის ბრალდებებს და არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. თეთრი სახლის კრიტიკის ფონზე ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპელ მოკავშირეებთან ომის დასრულების პირობებზე სასაუბროდ, ლონდონის და ბრიუსელის შემდეგ დღეს რომში ჩავიდა.

ევროპის და უკრაინის მოთხოვნის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატები არ გეგმავს, უკრაინასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ევროკავშირის ჩართვას. დონალდ ტრამპმა გაერთიანების მიმართ საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელშიც დააფიქსირა, მან ""ნიუ იორკ პოსტის"" სტატია გააზიარა, სადაც ვკითხულობთ რომ ""უძლურ ევროპელებს მხოლოდ გაბრაზება შეუძლიათ, როდესაც ტრამპი მათ სამართლიანად აშორებს უკრაინის მოლაპარაკებებს.

ვაშინგტონს და ბრიუსელს შორის ურთიერთობების ესკალაციის ფონზე, უკრაინაში ფრონტის ხაზზე საომარი მოქმედებები არ წყდება. უკრაინული მედიის მონაცემებით რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეში და დონეცკის ოლქში რამდენიმე საბრძოლო მიმართულებით წინ წაიწიეს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები