პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა, "ალტ ინფოს" დამფუძნებლის ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. ირაკლი ზარქუამ კონსტანტინე მორგოშიას წარსული გეგმები გაიხსენა, როცა ის ამბობდა, რომ ქუვეითის მოქალაქეებზე გათვლილ ბიზნესპროექტს იწყებდა, ახლა კი "იგლ ჰილსის" ინვესტიციას უარგუმენტოდ ეწინააღმდეგება.
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გათვლილი იყო ქუვეითის მოქალაქეებზე - "ალტ ინფოს" დამფუძნებელი ამ პროექტზე საჯარო განცხადებებსაც აკეთებდა. კონსტანტინე მორგოშია დეტალებზე სატელევიზიო გადაცემებშიც საუბრობდა.
კონსტანტინე მორგოშია დღეს ამტკიცებს, რომ მის პროექტს, რომელიც ქუვეითის მოქალაქეებზე იყო გათვლილი, ტურისტული მიზანი ჰქონდა. ახლა მორგოშია "იგლ ჰილსის" უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის საქართველოში შემოსვლას ეწინააღმდეგება.
მორგოშიას წარსულ ბიზნესგეგმებთან დაკავშირებით არაფერი იცოდა მისმა თანამოაზრემ. პარტია "კონსერვატორები საქართველოსთვის" ლიდერი, რომელიც მორგოშიასთან ერთად "იგლ ჰილსის" ინვესტიციების წინააღმდეგ აქციებს აორგანიზებს, ამბობს, რომ მორგოშიას ბიზნესსაქმიანობაზე არაფერი იცის.
კონსტანტინე მორგოშიას და მისი პარტნიორების გეგმებსა და ორმაგ სტანდარტზე ინფორმაცია სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. არ გამორიცხავენ, რომ "იგლ ჰილსის" ინვესტიციის წინააღმდეგ გალაშქრების უკან გარკვეული მიზნები იდგეს.
მმართველ გუნდში კითხვის ნიშნებს აჩენს "ალტ ინფოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების გაერთიანება "იგლ ჰილსის" წინააღმდეგ. "ქართული ოცნებისთვის" ეს ფაქტიც ხელისუფლების ოპონენტების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.
სანამ მთავრობის ოპონენტები საქართველოსთვის ისტორიული ინვესტიციის განხორციელებას ყველა გზით ეწინააღმდეგებიან, მმართველი გუნდი მოსახლეობას ჰპირდება, რომ ხელისუფლება, სახელმწიფო ინტერესების დაცვით, ყველა ინვესტიციას შეუწყობს ხელს, რომელიც ქვეყნის განვითარებას, ეკონომიკურ ზრდასა და მოქალაქეების დასაქმებას უკავშირდება.