რუსეთის თანხმობა და უკრაინის უარი მიმდინარე ომის დასრულებაზე - ხანგრძლივი დიპლომატიური მოლაპარაკებების შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი უკრაინელი კოლეგით იმედგაცრუებულია. ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ უკმაყოფილება დონალდ ტრამპმა დღეს კიდევ ერთხელ, კენედის ცენტრში გამართულ მიღებაზე დააფიქსირა.
სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვაჟმაც. დოჰაში გამართულ ფორუმზე, დონალდ ტრამპ ჯუნიორმა ღიად განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერები უცხოეთიდან მიღებულ ფულს იპარავდნენ და ამის გამო ომის შეჩერება არ სურდათ.
ვაშინგტონის მხრიდან წაყენებული ბრალდებების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა. დაუნინგ სტრიტზე, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან შეხვედრას მართავს. საუბრის მთავარი თემა ტრამპის სამშვიდობო გეგმა და უკრაინა-რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგია.
ვაშინგტონის შუამავლობით მიმდინარე პროცესის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა "ბლუმბერგთან" ისაუბრა და გამოცემას უთხრა, რომ ტრამპის სამშვიდობო გეგმის განხილვისას უკრაინის, რუსეთის და შტატების მომლაპარაკებლებმა დონბასის რეგიონის სამომავლო სტატუსთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
ომის დასრულების მოლაპარაკებების მიმართ ოპტიმიზმს გამოთქვამს უკრაინაში დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი. გენერალი კიტ კელოგი, რომელიც საკუთარი მანდატის დატოვებისთვის ემზადება, აცხადებს, რომ სამშვიდობო პროცესი ფინალურ ეტაპზეა და შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან საუბარს განაგრძობს.
სამშვიდობო პროცესის პარალელურად, შეტაკებები არ წყდება ფრონტის ხაზზე. ბრიტანულმა "ტელეგრაფმა" მოიპოვა მონაცემები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ახლა რუსეთის ძალები უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან ყველაზე სწრაფად მიიწევენ წინ. ნოემბერში, უკრაინის ტერიტორიის კიდევ 500 კვადრატული კილომეტრის ოკუპაცია განხორციელდა. გამოცემა ასევე წერს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კი - შესუსტებული.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე