ავსტრია, მისი დედაქალაქი და ვენის გული - ჰოფბურგის სასახლე. სასახლე, რომელიც ქვეყნის სტუმრებს, წარსული ეპოქის სიდიადეს უდასტურებს და შთამბეჭდავი არქიტექტურით ხიბლავს... და ამ არქიტექტურის მიღმა არსებობს მსოფლიო უსაფრთხოების არქიტექტურაც. სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ, ოდესღაც ჰაბსბურგების დინასტიის ძალაუფლების ადგილი, 57 ქვეყნის პირველი დიპლომატის შეხვედრის წერტილი ხდება.
სასახლის ეზოში საქართველოს დროშა ფრიალებს - იქ სადაც, საუკუნეების განმავლობაში ევროპული იმპერიების, კონგრესებისა და დიპლომატიური შეთანხმებების ისტორია იწერებოდა. ამ ისტორიის განუყოფელი ნაწილი კი მუდმივად იყო და არის ჩვენი ქვეყანა. საქართველოს პირველი დიპლომატი ეუთოს 32-ე მინისტერიალში მონაწილეობს და საქართველოს სათქმელს საერთაშორისო ტრიბუნიდან აჟღერებს. ქვეყანა, რომელმაც ოკუპაციის მძიმე შედეგები ყველაზე უკეთ იცის, გამოცდილებას მსოფლიოს უზიარებს. მაკა ბოჭორიშვილი ოკუპანტის ქმედებებზე საუბრობს და კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკას აცნობს.
მინისტერიალის თავმჯდომარე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრია, რომელიც სესიას მისასალმებელი სიტყვით ხნის. ელინა ვალტონენი იმ პრინციპებზე საუბრობს, რომელზეც ეუთოს ორგანიზაცია დგას. დროს უთმობს ჩვენს ქვეყანასაც, როდესაც განმარტავს, თუ რა მიზნით იმყოფებოდა საქართველოში. ფინელი დიპლომატი, რომელიც რუსთაველის გამზირზე მივიდა, აქციის მონაწილეებს მხარდაჭერა დაუდასტურა, მოგვიანებით კი გზის გადაკეტვის გამო კანონმაც მიაკითხა.
ერთი მაგიდა, 57 დიპლომატი და დიალოგი მნიშვნელოვან საკითხებზე - მათ შორის სწორედ დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისკენ არის მიმართული. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს ტრიბუნიდან ფაქტებსა და არგუმენტებზე საუბრობს. მათ შორის იმ პრაქტიკაზე, თუ როგორ გამოიყენება ზოგიერთი ორგანიზაცია საზიანო მიზნებისთვის. სუვერენული სახელმწიფო სამართლიან მიდგომას ითხოვს.
დასავლეთი, აღმოსავლეთი, კავკასია, ცენტრალური აზია - ქართველი დიპლომატი ქვეყნის სათქმელს, სესიის გარდა, ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებზეც ამბობს. ყველა თანხმდება, რომ საქართველო, როგორც ხიდი ევროპასა და აზიას შორის, მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამ ფაქტს კი კოლეგები კოლეგას ყველა შეხვედრაზე უდასტურებენ. განიხილება ისიც, თუ როგორ უნდა გაღრმავდეს ქვეყნებს შორის ურთიერთობები არაერთი მიმართულებით.
საქართველო ეუთო-ს 32-ე მინისტერიალიდან პოზიტიური შედეგებით ბრუნდება.
იმის მიუხედავად, რომ თავმჯდომარე ქვეყანა ფინეთია, მინისტერიალი, გამონაკლისის სახით, წელს ვენაში ჩატარდა. გამონაკლისი სხვა ბევრიც იყო, მაგალითად - საპატიოდ დარღვეული პროტოკოლი და დიპლომატი ყვავილებით, თუმცა ყველაზე დიდი ინტრიგაც სწორედ ასეთ დეტალებშია - იმ გადალაპარაკებასა თუ გაღიმებაშია, რომელიც მსგავს შეხვედრებზე, ობიექტივს მაინც არ ეპარება.
33-ე შეხვედრამდე ამ ფორმატში დიპლომატები ერთმანეთს ემშვიდობებიან. შემდეგი შეხვედრის ადგილად შვეიცარია შეირჩა. ფინეთმა თავმჯდომარეობა სწორედ ზუსტი საათების ქვეყანას გადააბარა.