33-გვერდიანი დოკუმენტი და შეერთებული შტატების რადიკალურად შეცვლილი ხედვა - ტრამპის უსაფრთხოების ახალი სტრატეგია მთელი საერთაშორისო წესრიგის მომავალს ეხება. ამერიკის ინტერესების ფოკუსირება სამყაროს დასავლეთ ნახევარსფეროზე, ჩინეთის გავლენის შემცირება და რუსეთთან ახალი სტრატეგიული ბალანსის მიღწევა - დოკუმენტში აღწერილია ტრამპის ადმინისტრაციის მიდგომა და მთავარი პოლიტიკური და ეკონომიკური პრიორიტეტები მსოფლიოს ყველა რეგიონში.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პუნქტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაკავშირებით - ამერიკა ფიქრობს, რომ NATO მუდმივად გაფართოებად ალიანსად აღარ უნდა აღიქმებოდეს.
დოკუმენტში მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპასა და ბრიუსელის პოლიტიკას ეხება. ვაშინგტონი მკაფიოდ მიანიშნებს, რომ ევროკავშირმა პოლიტიკური სიმყარე დაკარგა, ხოლო მისი გადაწყვეტილებები აღარ ასახავს კონტინენტის რეალურ საზოგადოებრივ განწყობებს.
დოკუმენტს უკვე გამოეხმაურნენ ოფიციალურ ბერლინში.
"აშშ იყო და რჩება NATO-ში ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ, თუმცა ალიანსი ფოკუსირებულია უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებზე, გამოხატვის თავისუფლების ან თავისუფალი საზოგადოების ორგანიზების საკითხები არ შედის ალიანსის კომპეტენციაში. გერმანიაში ვფიქრობთ, რომ შეგვიძლია, თავად მოვაგვაროთ ეს საკითხები და არ გვჭირდება გარე რჩევები", - აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეპული.