16 აგვისტო 2026,   20:22
ვრცლად
"ამ დეზინფორმაციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება - თუ გამოძიება მოიპოვებს უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ეს შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი იყო, მათ მოუწევთ წარდგომა საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე" - შარმანაშვილი BBC-ს რეპორტაჟზე

2024 წლის დეკემბრის აქციებზე აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ამ მიმართულებით დასრულებულია. დადგინდა, რომ "ბრომ ბენზილ ციანიდი", იგივე "კამიტე" შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია". 2024 წელს "ქლორ ბენზილ-დინ მალო ნონი ტრილი", მის გამხსნელად კი "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი გამოიყენეს, მათგან არცერთი აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიაში არ არის. სუს-მა დაკითხა ყველა, ვის ე.წ. დასკვნებსაც ბრიტანული მაუწყებელი დაეყრდნო. ყველა მოწმე უარყოფს, რომ მათი ინფორმაციები, მომწამვლელ ნივთიერება "კამიტს" ეხებოდა.

გამოკითხულია გამოძიებისთვის საინტერესო 93 პირი. თუმცა ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის - უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებული, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC. გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, BBC-ის რესპონდენტი ტროტილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. უსაფრთხოების სამსახურში ახლა გამოძიება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით მიმდინარეობს.

"რა თქმა უნდა, ეს ასე უკვალოდ ვერ ჩაივლის იმიტომ, რომ ამ დეზინფორმაციის მთავარი მიზანი იყო საქართველოს იმიჯის დაზიანება უცხოეთში, ახალი პროვოკაციების აგორება, მღელვარების გამოწვევა ისევ ჩვენს მოსახლეობაში, თითქოს ხელისუფლება არ უფრთხილდება სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩვენი მოქალაქეების და ისევ რევოლუციური სიტუაციის შექმნა. თქვენ ძალიან კარგად დაინახეთ, როგორც კი სამართლებრივ ჭრილში გადაინაცვლა ამ ყველაფერმა, ის მთავარი მოწმეები, რომლებიც BBC-ს ჰყავდა დასახელებული, ყველა ერთად ასავსავებს ხელს და ამბობს, რომ მე ეს არ მითქვამს, არ გამომიკვლევია, ლიტერატურის გაცნობა ვერ მოვასწარი და ათას ნებისმიერ ხრიკს მიმართავენ, რომ ამას გაერიდონ, მაგრამ ეს ასე მარტივად არ დამთავრდება. თუ გამოძიება მოიპოვებს უტყუარ მტკიცებულებებს, რომ ეს შეგნებულად გადადგმული ნაბიჯი იყო, მათ მოუწევთ წარდგომა საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი.

დღის ამბები