2024 წლის დეკემბრის აქციებზე აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ამ მიმართულებით დასრულებულია. დადგინდა, რომ "ბრომ ბენზილ ციანიდი", იგივე "კამიტე" შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია". 2024 წელს "ქლორ ბენზილ-დინ მალო ნონი ტრილი", მის გამხსნელად კი "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი გამოიყენეს, მათგან არცერთი აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიაში არ არის. სუს-მა დაკითხა ყველა, ვის ე.წ. დასკვნებსაც ბრიტანული მაუწყებელი დაეყრდნო. ყველა მოწმე უარყოფს, რომ მათი ინფორმაციები მომწამვლელ ნივთიერება "კამიტს" ეხებოდა.
გამოკითხულია გამოძიებისთვის საინტერესო 93 პირი. თუმცა ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის - უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებული, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC.
გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, BBC-ის რესპონდენტი ტროტილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. უსაფრთხოების სამსახურში ახლა გამოძიება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით მიმდინარეობს.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება "საკუთარი მძიმე დანაშაულის" დაფარვას ცდილობს.
"მათ სურთ საკუთარი მძიმე დანაშაულის დაფარვა და ცხადია, ჩვენი თანამოქალაქეები თუ ვერ მიაღწევენ სიმართლეს საქართველოში, აუცილებლად მიაღწევენ სიმართლეს საერთაშორისო საგამოძიებო პროცედურების ფარგლებში და მე დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო გამოძიება იქნება სრული, ობიექტური, მიუკერძოებელი", - აცხადებს პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი ლაშა ფარულავა.