17 აგვისტო 2026,   04:54
ვრცლად
"ქართველ ხალხს ხელისუფლება კი არა, არამედ სწორედ BBC და BBC-ის რეპორტაჟი წამლავდა, რათა ეიძულებინა, საკუთარი მიზნებისთვის გადაეხვია და "დიფ სთეითის" მიზნები შეესრულებინა" - დავით მათიკაშვილი

2024 წლის დეკემბრის აქციებზე აკრძალული ნივთიერება არ გამოყენებულა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ამ მიმართულებით დასრულებულია. დადგინდა, რომ "ბრომ ბენზილ ციანიდი", იგივე "კამიტე" შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია". 2024 წელს "ქლორ ბენზილ-დინ მალო ნონი ტრილი", მის გამხსნელად კი "პროპილენ გლიკოლის" ხსნარი გამოიყენეს, მათგან არცერთი აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიაში არ არის. სუს-მა დაკითხა ყველა, ვის ე.წ. დასკვნებსაც ბრიტანული მაუწყებელი დაეყრდნო. ყველა მოწმე უარყოფს, რომ მათი ინფორმაციები მომწამვლელ ნივთიერება "კამიტს" ეხებოდა.

გამოკითხულია გამოძიებისთვის საინტერესო 93 პირი. თუმცა ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის - უკრაინის სპეცსამსახურებში კონტრაქტით დასაქმებული, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC.

გამოძიება მუშაობს ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, BBC-ის რესპონდენტი ტროტილის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. უსაფრთხოების სამსახურში ახლა გამოძიება უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მიმართულებით მიმდინარეობს.

მმართველ გუნდში BBC-ის რეპორტაჟს ბინძურ კამპანიას უწოდებენ და ამბობენ, რომ ამის უკან საქართველოს მტრები დგანან.

"ამ ბინძური კამპანიის უკან იდგნენ ჩვენი ქვეყნის მტრები. ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და მათი პატრონები ქვეყნის ფარგლებს გარედან, მათი ერთადერთი მიზანი ჩვენს სამშობლოში სიტუაციის არევა, დაძაბვა, ხალხში შფოთის შეტანა და იმ ანტაგონიზმის გამოწვევა საზოგადოების მხრიდან ხელისუფლების მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში არაფორმალური მმართველობის, იგივე "დიფ სთეითის" მიზნების განხორციელებას შეუწყობდა ხელს ჩვენს ქვეყანაში, რამეთუ ყველაფერი ეცადნენ, ყველგან მოუცვდათ კბილი და ახლა ამ მდარე, ზღვარს ქვემოთ დაშვებულ კამპანიას მიმართეს ტყუილის, სინამდვილეში, რაც BBC-ის რეპორტაჟში იყო ნაჩვენები, ხელისუფლება კი არ წამლავდა ქართველ ხალხს, სწორედ BBC და BBC-ის რეპორტაჟი წამლავდა ქართველ ხალხს იმისთვის, რომ მათ ეიძულებინათ საკუთარი მიზნებისთვის გადაეხვიათ და "დიფ სთეითის" მიზნები შეესრულებინათ", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

 

დღის ამბები