ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც მთლიანად თითიდან გამოწოვილ ყალბ ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზე იყო აწყობილი, იქცა ხელოვნურ საბაბად, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ახალი, ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, სპეციალურ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, 5 დღის განმავლობაში, საზოგადოება თვალს ადევნებდა უცხოური სპეცსამსახურების მიერ წინასწარ დაგეგმილ კამპანიას, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული:
"5 დღის განმავლობაში, საზოგადოება თვალს ადევნებდა უცხოური სპეცსამსახურების მიერ წინასწარ დაგეგმილ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი სტაბილურობის შერყევა და საქართველოს რეპუტაციის დაზიანება იყო. ამ ანტიქართულ კამპანიაში აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოდიოზური სუბიექტები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ქვეყნის შიგნით ამ კამპანიაში აქტიურად ჩაერთნენ უცხოური აგენტურა, რადიკალური პარტიების, რადიკალური მედიასაშუალებების, რადიკალური ენჯეოების და რადიკალი პოლიტიკური აქტივისტების სახით. ბრიტანული მაუწყებლის მიერ მომზადებული რეპორტაჟი, რომელიც მთლიანად თითიდან გამოწოვილ ყალბ ვარაუდებსა და გამოგონილ ამბებზე იყო აწყობილი, იქცა ხელოვნურ საბაბად, პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფებისთვის, რათა საქართველოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ, ახალი, ჰიბრიდული ომი ეწარმოებინათ და ცრუ ბრალდებებით, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით, ხელოვნურად აჟიოტაჟი გამოეწვიათ,"- განაცხადა პრემიერმა.