რკინის ჭიშკრის მორღვევა, საპრეზიდენტო რეზიდენციის ეზოში შეჭრა, სამართალდამცველებზე ძალადობა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა, ქუჩის ინვენტარის დაზიანება და დაწვა - 4 ოქტომბრის აქციიდან და ამ კადრების გადაღებიდან ზუსტად ორი თვე გავიდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გავრცელებული ეს ვიდეო, 4 ოქტომბრის ღამის ქრონოლოგიაა - როდის გადავიდა აქცია ძალადობრივ შტურმში და როგორი იყო ამ დროს ევროპელი და ამერიკელი ლიდერების რეაქცია. რასა იუკნევიჩიანე, ანა ფოტიგა, ჟიგიმანტას პავილიონი, მაია სანდუ, ჯო უილსონი - მაშინ, როცა ორბელიანის სასახლეს აქციის მონაწილეები არბევდნენ, სოციალურ ქსელში მათი მხარდამჭერი გზავნილები ვრცელდებოდა. ამ გზავნილების ავტორებს კი უკვე ორი თვეა, შალვა პაპუაშვილი ძალადობრივი ქმედებების დაგმობისკენ მოუწოდებს.
ორბელიანის სასახლის ჭიშკრის დაზიანების და შეჭრის მცდელობის მიუხედავად, ხელისუფლების ოპონენტები მაინც ამბობენ რომ აქცია ძალადობრივი არ ყოფილა, მათივე შეფასებით ბრიუსელი მხარს დემოკრატიულ პროცესებს უჭერს.
ღალატი "ქართული ოცნებისთვის", ქვეყნის გარედან მიღებული დავალებების შესრულებაა. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ 4 ოქტომბრის აქციაც გარე აქტორების მხრიდან, კარგად დაგეგმილი და დაფინანსებული იყო , ამიტომ სახელისუფლებო პარტია ევროპის მხრიდან მათ მიერვე წახალისებული ძალადობის დაგმობას აღარ ელოდება.
4 ოქტომბერს ძალადობრივი აქციის მონაწილეები თავდაპირველად თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, ორგანიზატორების მოწოდების შემდეგ კი ორბელიანის სასახლესთან გადაინაცვლეს და საპრეზიდენტო რეზიდენციაზე შტურმი მიიტანეს. ძალადობრივი ქმედებებიდან მალევე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, აქციის 40-ზე მეტი მონაწილე და ორგანიზატორები - მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ხმალაძე და ლაშა ბერიძე ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან.
ავტორი: ნანა გოგატაძე.