უმძიმესი რეალობის ამსახველი დოკუმენტური მასალა პირველი მსოფლიო ომიდან - არქივში შენახული კადრები, რომელიც ასახავს ფაქტებს. როგორ იმოქმედა ანტანტის, კერძოდ კი ფრანგული ჯარის მხრიდან, გერმანელების პოზიციებისკენ პირველად გაშვებულმა სამხედრო შხამიანმა ნივთიერება- "კამიტმა", იგივე ბრომბენზილ ციანიდმა.
ამ შედეგამდე, მომწამლავი ნივთიერების შესახებ ინფორმაცია არავის ჰქონდა, სამყარომ მაშინ პირველად ნახა უხმო იარაღი, რომელიც გადარჩენის შემთხვევაშიც კი კვალს მთელი ცხოვრება ტოვებდა - აბრმავებდა და წვავდა ადამიანს, უზიანებდა სასუნთქ ორგანოებს, ან საქმე უფრო მძიმე-ლეტალურ შედეგამდე მიდიოდა. ასე იყო პირველი მსოფლიო ომის დროს, სადაც ქიმიური იარაღის ზემოქმედებას ასობით ჯარისკაცი ემსხვერპლა, უფრო მეტმა მხედველობა სამუდამოდ დაკარგა ან სხვადასხვა დაზიანება მიიღო.
ქიმიური აგენტების კვლევას სხვადასხვა ქვეყნის პროფესორებმა, წლები დაუთმეს, მათ შორის იყო ოჰაიოს უნივერსიტეტი და დოქტორი კრეიგ მაკელროი. დადგინდა, რომ ბრომბენზილ ციანიდის ნერვული აგენტები კაცობრიობისთვის ყველაზე დიდი რისკის შემცველია, რადგან მცირე დოზაც შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს.
რა არის "კამიტი", იგივე ბრომბენზილ ციანიდი? ან როგორ ზემოქმედებს ადამიანებსა და გარემოზე? - ქიმიური ნივთიერების გავლენას, წლებია სწავლობენ ქართველი სპეციალისტებიც, თუმცა საკითხი განსაკუთრებული ინტერესის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც ბრიტანულმა "ბიბისიმ" ე.წ საგამოძიებო ფილმში, საქართველოს ხელისუფლება, მომწამლავი ქიმიური ნივთიერების - იგივე "კამიტის" გამოყენებაში დაადანაშაულა.
რა შედეგი დადგებოდა ბრომბენზილ ციანიდის გამოყენების შემთხვევაში? - ტოქსიკოლოგები ამბობენ, რომ "კამიტი" არის მძიმე მომწამვლელი ნივთიერება, იწვევს ცრემლდენას, სასუნთქი ორგანოების პარალიზებას, ფილტვების დავიწროებას, გულის რიტმის დარღვევას, ღრმა დამწვრობას, წყლულებს სხეულზე და სიბრმავეს, შეუძლებელს ხდის გადაადგილებას. ბრომბენზილციანიდის კონცენტრაციამ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება კომა და გარდაცვალება გამოიწვიოს.
აკრძალული ნივთიერება, ბრომბენზილციანიდი იხსნება ეთერში, ბენზოლსა და ეთანოლში, თუმცა პრაქტიკულად არ იხსნება წყალში, ამის გამო სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ქიმიური ნივთიერების შერევა წყლის ჭავლის მანქანებში ვერ მოხდებოდა. ის ქიმიურად მდგრადი ნივთიერებაა, რომელიც ჟანგავს ფოლადს და სხვა ლითონების უმეტესობას, რის გამოც მას მინის, ფაიფურის ან ტყვიის კონტეინერებში ინახავენ.
გამოფრქვევიდან პირველ ეფექტამდე - რამდენიმე წამია. "კამიტი" მოქმედებას მაქსიმუმ ნახევარ წუთში იწყებს. პიკამდე, ანუ ყველაზე მძიმე მდგომარეობამდე, ადამიანი კი 1-დან 2 წუთის განმავლობაში მიჰყავს. მძიმე ტოქსიკური ნივთიერება დიდხანს რჩება გარემოსა და ორგანიზმში. წვავს და ანადგურებს მცენარეებს, ისე რომ მათი აღდგენა ვეღარ ხდება.
ექსპერტები და ტოქსიკოლოგები "კამიტის" დახასიათებიდან გამომდინარე - გამორიცხავენ, რომ საქართველოში მსგავსი სახის ქიმიური ნივთიერება გამოყენებული ყოფილიყო.