"როდესაც შენ გეუბნებიან, რომ უკრაინასა და მოლდოვაში უკეთესი ეკონომიკური ვითარებაა, ვიდრე საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად აღძრავს პროტესტისა და უსამართლობის განცდას ქართულ საზოგადოებაში", - პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე მოლდოვაში შექმნილი ვითარებას და ევროკავშირის ელჩის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მოლდოვა და უკრაინა საქართველოზე ბევრად წინ არიან.
ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ამ განცხადებების მიზანია საქართველოს ხელისუფლებისთვის რეპუტაციის შელახვა.
"როდესაც შენ გეუბნებიან, რომ უკრაინასა და მოლდოვაში უკეთესი ეკონომიკური ვითარებაა, ვიდრე საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს თავისთავად აღძრავს პროტესტისა და უსამართლობის განცდას ქართულ საზოგადოებაში. იმიტომ, რომ ჩვენ კარგად ვიცით, რა არის უკრაინის მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში ეკონომიკური ზრდის, რა არის მოლდოვის მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის და რა არის საქართველოს მაჩვენებელი. საქართველო არა თუ უკრაინას და მოლდოვას, შარშან მსოფლიოში მეორე ადგილზე გავიდა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და იცით ასევე, რომ მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველო მომავალი 5 წლის განმავლობაში ასევე ეკონომიკის ზრდის კუთხით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იქნება მსოფლიოში. ამიტომ, თვალში ნაცრის შეყრა არის კარგი ქართული გამოთქმა და ვფიქრობ, რომ სწორედ ამასთან გვაქვს საქმე. მიზანია, საქართველოს ხელისუფლებისთვის რეპუტაციის შელახვა," - აცხადებს ნიკოლოზ სამხარაძე.