პარლამენტის თავმჯდომარე თინა ხიდაშელზე და იმ ანგარიშზე მიუთითებს, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში მოხვდა. საუბარია კვლევაზე, რომლითაც სამოქალაქო იდეის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს ხელს უწყობს, სანქციებს გვერდი აუარონ. ამის დამადასტურებლად ხიდაშელს პრემიერის ირანში ვიზიტი და საგარეო ვაჭრობის მონაცემები მოჰყავს. ეს კი მმართველი პარტიის შეფასებით, არა არგუმენტები, არამედ საჯარო
ფაქტებია, რომელსაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს.
თინა ხიდაშელი ამტკიცებს, რომ ის არც ტაივანიდან და არც სხვა დონორებისგან აღარ ფინანსდება. უარყოფს იმასაც, რომ ანგარიში უშუალოდ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნა. ერთადერთი, რასაც ადასტურებს, არის ის, რომ ანგარიში საერთაშორისო ვიზიტებს ეყრდნობა,
ირანთან დაკავშირებული კვლევა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჰელსინკის კომისიაშიც წარადგინა, როდესაც სალომე ზურაბიშვილთან ერთად ამტკიცებდა, რომ საქართველოს პოლიტიკა ამერიკის გეოსტრატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. მოსმენაზე, რომელსაც ჯო უილსონი და კელი დეგნანიც ესწრებოდნენ, ამერიკელ პარტნიორებს მაშინ მეგობარი აქტის მიღების საჭიროებაში არწმუნებდნენ.
ხიდაშელის არგუმენტები დამაჯერებელი არც ოპოზიციისთვის არის. ხელისუფლების ოპონენტებს უჭირთ საუბარი იმაზე, თუ "როგორ იყენებენ ირანული კომპანიები საქართველოს, სანქციების გვერდის ასავლელად?"
უცხო ქვეყნების ინტერესებით ნაკარნახევი ანტისახელმწიფოებრივი ქმედება - ასეთია "ქართული ოცნების" შეფასება. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ კომპრომატად ვერც საგარეო ვაჭრობის საჯარო სტატისტიკა გამოდგება და ვერც საერთაშორისო ვიზიტებით სპეკულირება.
თინა ხიდაშელი უკვე წლებია ხელმძღვანელობს ენჯეოს, რომლის პარტნიორებიც სხვადასხვა ქვეყნის საელჩოები, მათ შორის ტაივანის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები არიან.