გდდ-ს შეიარაღების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ამერიკაში გაქცეული და ბრალდებული, ასევე, გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილთან ერთად, BBC-ის ე.წ. საგამოძიებო ფილმის მთავარი პერსონაჟები არიან. ბრიტანული მაუწყებელი მათ ვარაუდებზე დაყრდნობით იუწყება, რომ 2024 წელს საპოლიციო ღონისძიებების დროს, ქართველმა სამართალდამცველებმა პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს. ფილმში ამ მძიმე ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის ნაჩვენები. ჟურნალისტი თეორიას ოპოზიციურად განწყობილი ქართველი აქტივისტებისა და არასამთავრობოების მონათხრობზე აგებს.
BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში დავას აპირებს მმართველი პარტია. "ქართულმა ოცნებამ" დღეს ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ახსნა, როგორ დამალა ბრიტანული მაუწყებლის ჟურნალისტმა სახელისუფლებო პარტიასთან კომუნიკაციის შედეგად მიღებული პასუხები. "ოცნებაში" განმარტავენ, რომ BBC-ის, ბრალდებების გასაბათილებლად კონკრეტული ფაქტები და არგუმენტები შესთავაზეს, თუმცა მედიამ სტანდარტი არ დაიცვა.
ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მომზადებული მასალის ცალმხრივობისა და პროპაგანდისტული შინაარსის დამადასტურებლად, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ფილმის მთავარი გმირები დაასახელეს. ძალადობრივი აქციების მონაწილე ან მხარდამჭერი აქტივისტებისგან ქიმიურ იარაღზე საუბარი, კანონმდებლებისთვის, წინასწარ გაწერილი სცენარის ნაწილია, რომელიც მიზნად ქვეყნის იმიჯის დაზიანებას ისახავს.
BBC-ის სიუჟეტის შინაარსს უაპელაციოდ იზიარებს ოპოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანება არავის მიუღია, ხელისუფლების ოპონენტები მაინც ამტკიცებენ, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში აქციების დაშლა ქიმიური იარაღით მოხდა. აიღებს თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას ქვეყნის საგარეო იმიჯის მიზანმიმართულ დაზიანებაზე, თუ გამოძიება BBC-ის ბრალდების სიცრუეს დაადგენს - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა დღეს ოპოზიციაში გაუჭირდათ. განსხვავებული დღეს მხოლოდ "გირჩი" აღმოჩნდა.
ოპოზიციისა და BBC-ის ფილმის რიტორიკა რომ ერთმანეთთან თანხვედრაშია, სახელისუფლებო გუნდის ლიდერებს არ უკვირთ. ამბობენ, რომ BBC-ის მასალაში გახმოვანებულმა ცრუ ბრალდებამ ადგილობრივი ოპოზიციონერებისა და არასამთავრობოების მორიგი ლუსტრაცია შეძლო. პოლიტიკოსების თქმით, მსგავსი შინაარსის გამოგონილი საკითხები ე.წ. Deep state-ის ხელწერაა, რომელსაც მედიები, პროპაგანდისტული მიზნით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან აქტიურად იყენებენ.
ბრიტანული მაუწყებლის წინააღმდეგ ქართული სახელმწიფო სამართლებრივ ბრძოლას უახლოეს მომავალში დაიწყებს.