"გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რომ სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო," - ნათქვამია "ქართული ოცნების" განცხადებაში.
მმართველი პარტია წერს, რომ მძიმე ბრალდების დასამტკიცებლად, არ არის წარმოდგენილი არანაირი ფაქტი და ყველა ვარაუდი დაინტერესებული პირების მონათხრობზეა აგებული. "ქართული ოცნება" აცხადებს, რომ BBC-იმ ყველა კითხვაზე მიიღო ამომწურავი პასუხი, თუმცა არცერთი მათგანი არ გამოაქვეყნა.
საკითხზე კომენტარი გააკეთა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.
"რაც ვნახეთ და მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, გასცდა ყველანაირ ზღვარს - მარაზმში არიან გადასულები. გასაკვირი არ არის, როდესაც ისე მეინსტრიმ მედიებზე ვსაუბრობთ, როგორიც არის BBC. მათი სახე ძალიან კარგად გამოჩნდა 2022 წლის შემდეგ მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, ნიშანდობლივია, რომ თეთრ სახლში დაემატა ერთი გრაფა, სადაც არასანდო მედიასაშუალებებია ჩამოთვლილი და იქ არის BBC-იც მოხსენიებული.
ვხედავთ ამ მარაზმს, აბსურდს - დაყრდნობით ვისზე? ჩახუნაშვილი და ა.შ. რიგითი აგენტურის წარმომადგენლები.
როდესაც ასეთი მედიასაშუალებების მხრიდან ვხედავთ ასეთ დამოკიდებულებას და ვისმენთ ასეთ უსტანდარტო, ყოვლად სიცრუეზე აგებულ ინფორმაციას, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ?! როცა კითხვას ვსვამთ, რომ რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი - პასუხი ძალიან მარტივია: რაში სჭირდებოდა თითოეული ის სიცრუე და უსტანდარტობა, და ის სიცრუის კორიანტელი, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ, რაც ევროპის შუაგულში დაიწყო რუსეთ-უკრაინის დამანგრეველი ომი, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.