გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი სტამბოლში გამართულ მინისტერიალს "სურსათისა და წყლის ნარჩენების პრევენცია - მომავლის დაცვა" დაესწრო და პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
ნინო თანდილაშვილმა ყურადღება იმ საკანონმდებლო და სტრუქტურულ რეფორმებზე გაამახვილა, რომლებიც საქართველომ ბოლო წლებში განახორციელა. კერძოდ მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს საკვების ნარჩენებისა და წყლის რესურსების მდგრადი მართვის მიმართულებით. ისაუბრა 2023 წლიდან მოქმედი კანონზე რომელიც უზრუნველყოფს საკვების დანაკარგის შემცირებას, დონაციის ხელშეწყობასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებას.
მინისტერიალი თურქეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სატყეო სამინისტროს ორგანიზებითა და თურქეთის პირველი ლედის, ემინე ერდოღანის პატრონაჟით გაიმართა.
სტამბოლში გამართულ პანელურ დისკუსიას სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, მათ შორის - იტალიის, ესპანეთის, უნგრეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების და აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრები. მონაწილეებმა განიხილეს სურსათისა და წყლის რესურსების ეფექტიანი მენეჯმენტის თანამედროვე მოდელები, ნარჩენების შემცირების ინიციატივები და მდგრადი განვითარების დღის წესრიგში მათი ინტეგრაციის მნიშვნელობა.