ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სივრცე სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ათობით დასახლებაში შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენის უსაფრთხო განთავსებისთვისაა განკუთვნილი. პროექტი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით არის შემუშავებული და გარემოზე ზიანის მინიმუმამდე შემცირებას ითვალისწინებს. ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 11 მილიონი ევროა გათვალისწინებული.
თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით, ანალოგიური ობიექტი ეწყობა ქვემო ქართლშიც. სპეციალური სივრცე რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს მომავალი 29 წლის განმავლობაში მოემსახურება. საქართველოს მასშტაბით, სულ 6 ახალი ობიექტის აშენებაა დაგეგმილი. ყველა პროექტი ჰერმეტული იზოლაციის მრავალშრიანი საფარის მოწყობას ითვალისწინებს, რაც ნიადაგს და მიწისქვეშა წყლებს ნარჩენებიდან წარმოქმნილი გამონაჟონისგან იცავს.
პროექტების დასრულების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, დაიხურება 26 ნაგავსაყრელი. მათ ნაწილს რეაბილიტაცია არაერთხელ ჩაუტარდა, თუმცა, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, საერთაშორისო სტანდარტებს მაინც ვერ აკმაყოფილებს. საერთაშორისო პრაქტიკის ნაწილია მუნიციპალიტეტებში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების ქსელის მოწყობაც. ექსპერტების შეფასებით, ევროპულმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ მსგავსი მიდგომები მნიშვნელოვნად ამცირებს ნიადაგის, ჰაერისა და მიწისქვეშა წყლების დაბინძურების რისკს.
მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ამ ეტაპზე 54 ნაგავსაყრელს მართავს, მათგან 28 უკვე დახურულია. სამეგრელოსა და ქვემო ქართლში დაწყებული პროექტების პარალელურად, უკვე მიმდინარეობს ადგილების შერჩევა კიდევ 4 ობიექტისთვის.
საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიაში აცხადებენ, რომ ძველ, საბჭოთა ნაგავსაყრელებს ქვეყნის მასშტაბით ახალი და უსაფრთხო ობიექტები ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. მართვის თანამედროვე სისტემის დასანერგად კი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
ავტორი: ირაკლი კოშაძე