რუსთავის მერი მიზანმიმართულ დეზინფორმაციას პასუხობს - საუბარია განცხადებებზე, რომ თითქოს მასშტაბურ ინვესტიციას, "იგლ ჰილსი" რუსთავის მიმდებარედ, კრწანისის ტყე-პარკში, მწვანე სივრცეების ხარჯზე ახორციელებს. ნინო ლაცაბიძისთვის გაუგებარია, რატომ არ საუბრობენ ოპონენტები იმ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც რუსთავში, 320 ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და ტყის ჭალის აღდგენას ემსახურება.
ათწლეულის პროექტი აქტიურ ფაზაშია. ტერიტორია, რომელსაც რუსთავის ფილტვებად
მიიჩნევენ, ახალ სიცოცხლეს იძენს.
ტყის განაშენიანება მტკვრის ორივე სანაპიროზე მიმდინარეობს. პირველ ეტაპზე დაირგვება 20 000 ნერგი და ენდემური მცენარე.
ჭალის ტყეები და მდიდარი ფლორა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში განადგურდა. ეკოსისტემის აღდგენის მიზნით, მერიამ სპეციალური პროექტი "რეფორესტი" წამოიწყო, რომელშიც მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. შედეგად, მოხალისეებმა 300 ძირი ენდემური ნერგი უკვე დარგეს.
მასშტაბურ პროექტს გარემოს დაცვის ფონდი აფინანსებს. შექმნილია სპეციალური სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც რუსთავის ეკოსისტემის გაუმჯობესებას ემსახურება. ტყე-ჭალაში მოეწყობა ტურისტული მარშრუტები, საგანმანათლებლო და საინფორმაციო სივრცეები, რაც ადგილობრივებისთვის და ტურისტებისთვის ახალ მიზიდულობის ცენტრს შექმნის.
პროექტის პირველი ეტაპი მომდევნო წლის ბოლოს დასრულდება. შედეგად, ძველ და ახალ რუსთავს კიდევ ერთი სივრცე შეემატება.