"ვხედავთ, რომ ყველაფერი კარგი საკუთარი თავისთვის ემეტებათ," - ამის შესახებ პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც ევროკავშირის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი გამჭვირვალობის კანონს ამკაცრებს და გარე ჩარევების გამო ახალ ზომებს იღებს.
"ზუსტად ამ მოტივებით მივიღეთ ჩვენ გამჭვირვალობის კანონი, რომელიც აუცილებელი იყო საქართველოს ინტერესების დაცვისთვის. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ მარტა კოსი თქმით, საქართველოში "ენჯეო" სექტორი კანონის გვერდის ავლით უნდა დააფინანსოს, საკუთარ შემთხვევაში კი, ისინი ყველაზე მკაცრ კანონებს იღებენ, განსხვავებით ქართულისგან. რა თქმა უნდა, ვხედავთ, რომ ყველაფერი კარგი საკუთარი თავისთვის ემეტებათ. ამ შემთხვევაში გამჭვირვალობის კანონი მათთვის, როგორც აღმოჩნდა კარგია და სასარგებლოა, თუმცა, ჩვენც ვიცით, რომ ეს საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანი იყო," - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
ცნობისთვის, ახალი წესები მიზნად ისახავს დემოკრატიულ პროცესებზე შესაძლო უცხოური გავლენის საკითხის მოგვარებას. ეს წესი ვრცელდება ანაზღაურებადი ლობირების საქმიანობაზე, რომელიც ევროკავშირის პოლიტიკაზე გავლენას ახდენს. იზღუდება გარკვეული სფეროები რომლებიც ფინანსდება ან გრანტს იღებს უცხოეთიდან.
მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს ევროპარლამენტმა მხარი უკვე დაუჭირა.