თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების პროცესი იმართება. სასამართლო დღეს 54 ბრალდებულის საქმეების ნაწილს განიხილავს. იმართება წინასასამართლო პროცესები. გადაიხედება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხიც.
პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვს, ადვოკატები კი გირაოს შუამდგომლობას აყენებენ. დაკავებულებს ჯგუფურად ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა ედებათ ბრალად.
"ჩვენ, დაცვის მხარეს გვაძლევს კანონმდებლობა იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ დავარწმუნოთ სასამართლო წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, რომ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და იქნეს გამოყენებული შედარებით უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება - გირაო. შესაბამისად, სასამართლო დღევანდელ სასამართლო პროცესზე იმსჯელებს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობის დაშვება-არ დაშვებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოლოდინებს, რამდენად შეცვლის სასამართლო გამოყენებულ აღკვეთის ღონისძიებას, წინდაწინ ამის თქმა არავის არ შეუძლია,"- აცხადებს ადვოკატი გურანდა ქურდოვანიძე.