ვადაგასული ხორცი, კრიტიკული შეუსაბამობა და ეტიკეტირების წესის დარღვევა სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა კერძო სკოლა "თანამედროვე განათლების აკადემიის" კვების ობიექტის შემოწმებისას აღმოაჩინეს. 23 კილოგრამამდე ქათმის ნაგეთსები, ფრთები და საკვებად უვარგისი სხვა ხორც-პროდუქტები, რომლებსაც ვადა 2023 წლის ზაფხულში, სამი წლის წინ გაუვიდა, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სკოლის სამზარეულოდან ამოიღო.
თანამედროვე განათლების აკადემიის კვების ობიექტში უვარგისი საკვები თავდაპირველად მოსწავლეების მშობლებმა აღმოაჩინეს. "კურიერთან" ჰყვებიან, რომ სამზარეულოს შიდა სივრცეში შესვლა და პროდუქტის შემოწმება მას შემდეგ მოითხოვეს, როდესაც რამდენიმე მოზარდი ინტოქსიკაციითა და მაღალი ტემპერატურით კლინიკაში მოხვდა. მშობლებმა სკოლის სამზარეულოში ირანული წარმოების გაყინული ხორცპროდუქტები აღმოაჩინეს, რომლებიც საკვებად უვარგისი იყო.
რატომ შემოჰქონდათ საკვებად უვარგისი და ვადაგასული პროდუქცია აკადემიაში? - ეს კითხვა დღეს "კურიერმა" სკოლის დირექტორს დაუსვა. ადმინისტრაცია თავის მართლების რეჟიმშია და ამბობს, რომ პროდუქტის შეფუთვაზე ვარგისიანობის ვადა დარღვეული არ იყო.
ჭავჭავაძის 37 ნომერში მდებარე პრესტიჟული სკოლის სამზარეულოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ამოწმებდნენ. გამოვლენილი დარღვევებს გამო ბიზნესოპერატორი, რომელიც კერძო სკოლას საკვები პროდუქტებით ამარაგებდა დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი