09 აგვისტო 2026,   21:01
ვრცლად
6.5 მილიარდიანი ინვესტიციის ეკონომიკური, ტურისტული და ინფრასტრუქტურული პოტენციალი - პრემიერმა "იგლ ჰილსთან" გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები დღეს პარლამენტში გამოსვლისას კიდევ ერთხელ განმარტა

6 ნახევარ მილიარდიანი ინვესტიციის ეკონომიკური, ტურისტული და ინფრასტრუქტურული პოტენციალი. 2 საათიანი მოსმენის დროს, მთავრობის მეთაურმა, "იგლ ჰილსთან" გაფორმებული ხელშეკრულების დეტალები კიდევ ერთხელ განმარტა - სახელმწიფო პროექტის 33 პროცენტიანი წილის მფლობელია ქვეყანა, ინვესტორის წინაშე არავითარ ფინანსურ ვალდებულებას არ იღებს, თავად "იგლ ჰილსი" კი ვალდებულია სრულად უზრუნველყოს პროექტის დაფინანსება და მენეჯმენტი. პრემიერ-მინისტრმა, ოპონენტების საპასუხოდ, საერთაშორისო პრაქტიკა გაიხსენა და ისიც განმარტა, თუ რატომ აქვს მსოფლიოს უმსხვილეს ინვესტორთან გაფორმებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოს სტატუსი.

სწორედ ოპონენტების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას მიიჩნევს პრემიერ-მინისტრი, გონიოსა და თბილისში დაგეგმილ, უპრეცედენტო მასშტაბის პროექტზე შეტევად. 37 წუთიანი სიტყვის ძირითადი დრო, მთავრობის მეთაურმა, იმ განცხადებების არგუმენტებითა და ფაქტებით გაბათილებას დაუთმო, რომლის მიზანიც ამ მასშტაბური პროექტის დისკრედიტაციაა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ქართული მიწა უცხოელებზე არ გაიყიდება, ქვეყანაში ორი არაბული დასახლება არ გაჩნდება, მეჩეთები არ აშენდება და არც თბილისი დაკარგავს ფილტვებს.

თავად საინვესტიციო პროექტი, პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართულ ეკონომიკას 11 მილიარდი ლარით გაამდიდრებს, ბიუჯეტში კი ყოველწლიურად 700 მილიონ ლარს შეიტანს. მშენებლობის პროცესში 24 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება, პროექტის დასრულების შემდეგ კი, ქვეყანას დამატებით 8 000 მუდმივად დასაქმებული ეყოლება.

მეგაპროექტის ძირითად არსზე, ბენეფიტებსა და ცალკეული ოპოზიციური პარტიების მხრიდან დაწყებულ დისკრედიტაციის კამპანიაზე საუბრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრს, ინტერპელაციის წესის შესაბამისად, შეკითხვები დეპუტატებმა დაუსვეს.

კონკრეტული პასუხების მიუხედავად, გახარიას გუნდმა, საპარლამენტო ტრიბუნიდან, ფრაქციის ფორმატში გამოსვლის დროს თქვა, რომ მასშტაბურ პროექტზე შეკითხვები მაინც დარჩათ. "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა კი აქცენტი, საინვესტიციო პროექტის პოტენციალსა და ოპონენტების სპეკულაციებზე გააკეთეს.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შემდეგ, შემაჯამებელი სიტყვა თქვა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი კობახიძემ მოქალაქეებს პირობა მისცა, რომ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, სახელმწიფოს წილი მოგება იქნება მაქსიმუმი, რაც საქართველომ უმსხვილესი პროექტის ფარგლებში შეიძლება მიიღოს.

ბინების, სასტუმროების, სავაჭრო ცენტრების, რეკრეაციული სივრცეებისა და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა თბილისსა და გონიოში რამდენიმე თვეში დაიწყება. 6 ნახევარ მილიარდიანი პროექტის შედეგად კი, ქვეყანა ევროპული ტიპის ორ თანამედროვე ქართულ დასახლებას მიიღებს.

დღის ამბები