გერმანიის ელჩი ამტკიცებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში არ ერევა. პეტერ ფიშერმა ინტერვიუ "რადიო თავისუფლებას" მისცა. თბილისში გერმანელ დიპლომატს კიდევ ერთხელ ადანაშაულებენ ვენის კონვენციის დარღვევაში და ახსენებენ კონკრეტულ ფაქტებს, მათ შორის გერმანიაში გაწვევის და დაბრუნების შემდეგ, მისი აქციაზე მისვლა, აქციის მონაწილეების მხარდაჭერა, სასამართლო პროცესებზე დასწრება, ოპოზიციის ლიდერისგან ბინის ქირაობა და ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა. მმართველი გუნდი ამბობს, რომ ფიშერი რევოლუციურ პროცესებს უჭერდა მხარს და ამას ღიად აკეთებდა.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რომ მსგავს ზეწოლას არავინ დაუშვებდა.
"დედამიწაზე არავინ არ დაუშვებს ასეთ ზეწოლას, უბრალოდ ჩვენთან ჩათვალა, რომ დაბალი ღობე ვართ და ჩვენს ქვეყანაში შეიძლება, ასე მოიქცეს. აბა, როგორ განმარტავს ის, რომ მივიდა სასამართლო პროცესზე და თარჯიმანიც არ დაისწრო, თუ აინტერესებდა, რატომ ქნა ასე? უბრალოდ, თავისი იქ ყოფნა უნდოდა მოსამართლეზე ზეწოლა მოახდინა, რომ აი, მე აქ ვარ და არაფერი შეგეშალოსო. ფაქტობრივად, ის მხარს უჭერდა რევოლუციურ პროცესებს, თან ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩვენი ხელისუფლება განუმარტავდა, რომ ეს არ იყო სწორი საქციელი და აზიანებდა ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს", - აცხადებს შარმანაშვილი.