19 ივნისი 2026,   03:13
ვრცლად
ევროკავშირის სახელმწიფოებმა სხვა ქვეყნებში კანონიერად გაფორმებული ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება უნდა აღიარონ - ლუქსემბურგში მიღებული გადაწყვეტილება თბილისისთვის ბევრის მეტყველია

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება ყველა წევრ ქვეყანას ეხება. სასამართლოს პოზიცია ასეთია: ევროკავშირის სახელმწიფოებმა სხვა ქვეყნებში კანონიერად გაფორმებული ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება უნდა აღიარონ. მართლმსაჯულების სასამართლო პოლონელი წყვილის საქმეზე მსჯელობდა, რომლებმაც გერმანიაში იქორწინეს, თუმცა მათივე ქვეყანამ ერთნაირ სქესიანი მოქალაქეების ქორწინების სტატუსი არ აღიარა. მიზეზად პოლონეთის კანონმდებლობა დასახელდა და ის, რომ პოლონეთი არ ცნობს სამართლებრივ სტატუს ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს კოლეგია მიიჩნევს, რომ ოფიციალური ვარშავა ევროკავშირის კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ლუქსემბურგში მიღებული გადაწყვეტილება თბილისისთვის ბევრის მეტყველია. მმართველ ძალაში ამბობენ, რომ ევროკავშირი ერთნაირ სქესიან მოქალაქეებს შორის ქორწინების დაკანონებამდე ნაბიჯ-ნაბიჯ, წლების განმავლობაში მიდიოდა, ახლა კი სასამართლოს გადაწყვეტილება სიგნალია, რომ ე.წ. ურჩ ქვეყნებს, ასევე სასამართლოს გზით დასჯიან. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი პროგნოზი გამართლდა და ევროკავშირში ერთნაირსქესიანთა დაკანონების ვალდებულებამდე მივიდნენ.

ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონების წინააღმდეგი არიან "ნაციონალურ მოძრაობაში". პარტიაში, რომელიც "ოჯახური ღირებულებების შესახებ" კანონს - ქუჩაში აქციებითაც აპროტესტებდა - დღეს ამბობენ, რომ მსგავსი გადაწყვეტილების აღსრულება მათთან ღირებულებით აცდენაშია

"დაუშვებელი და მიუღებელი" - ასეთია ერთნაირსქესიანთა ქორწინების აღიარების შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის პასუხი.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს ვერდიქტი საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებისთვის მორიგი მცდელობაა კონკრეტულ სახელმწიფოებს, მათი წინააღმდეგობის მიუხედავად არასასურველი გადაწყვეტილებები მიაღებინონ.

ლუქსემბურგში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ჯერი ვარშავაზეა. ახლა პოლონეთის სასამართლომ უნდა აღიაროს მომჩივანი წყვილის ქორწინების სტატუსი, თუმცა ამავე დროს, იტოვებს უფლებას თავად გაარკვიოს, თუ როგორ მოხდება ეს აღიარება.

დღის ამბები