ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა აღიარონ ერთნაირი სქესის მოქალაქეებს შორის ქორწინება, რომელიც კანონიერად არის გაფორმებული სხვა წევრ სახელმწიფოში - ეს გადაწყვეტილება დღეს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ მიიღო.
სასამართლომ იმსჯელა პოლონეთის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც არ აღიარა საკუთარი ქვეყნის ორი მოქალაქის მიერ გერმანიაში გაფორმებული ქორწინება და დაადგინა, რომ ვარშავას გადაწყვეტილება არასწორია. უარი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, რადგან ეს თავისუფლებას არღვევს.
ერთნაირსქესიანთა შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შეფასებების თემაა თბილისში. იზიარებენ და ეთანხმებიან თუ არა ამ გადაწყვეტილებას - კითხვაზე ოპოზიციის ნაწილი პასუხს თავს არიდებს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან სანიკიძის განცხადებით, გადაწყვეტილებას არ მიესალმება, რადგან ქრისტიანია.
"დარწმუნებული ვარ, სხვა სახელმწიფოებს, მაგალითად პოლონეთს, ამასთან დაკავშირებით ექნებათ პოზიცია. ევროკავშირის წევრები რომ გავხდებით, მექნება ჩემი პოზიცია. მე, ზოგადად, არ მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. [ამის მიზეზი] ტრადიციული ღირებულებებია, ქრისტიანი ვარ", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.
პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, მათთვის ერთსქესიანთა ქორწინება მიუღებელია, თუმცა ევროკავშირი ამის დაკანონებას არავის აიძულებს.
"ჩვენთვის ერთსქესიანთა ქორწინება არის დაუშვებელი და მიუღებელი. ამას არც ერთ შემთხვევაში არ შევასრულებდით და ამას არც არავინ გვაიძულებს. შიდა კანონმდებლობაში ევროკავშირი არავის, არანაირ ცვლილებას არ ავალდებულებს", - განაცხადა შარაშიძემ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ მათი პროგნოზი გამართლდა და ევროკავშირში ერთნაირსქესიანთა დაკანონების ვალდებულებამდე მივიდნენ.