10 აგვისტო 2026,   22:03
ვრცლად
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა "სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ" კანონში ცვლილებას.

როგორც მომხსენებელმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაიამ განაცხადა, ცვლილება კანონის გარდამავლ დებულებებს ეხება და ზოგიერთი კანონქვემდებარე აქტის გამოცემა/დამტკიცების, ასევე, ზოგიერთი მუხლის/პუნქტის ამოქმედების თარიღის გადაწევას ითვალისწინებს.

კანონპროექტით:

• მონაცემთა ბაზების შენახვის ვადებისა და პროცედურების განსაზღვრის შესახებ“ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - გამოცემულ იქნება 2026 წლის 1 ივლისამდე;
• "დაფინანსების განაცხადების მართვის, გადახდებისა და ფინანსური აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული სისტემის წარმოების წესის შესახებ" კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი - დამტკიცებულ იქნება 2028 წლის 1 იანვრამდე.

ასევე, გათვალისწინებულია კანონის ზოგიერთი ნორმის ამოქმედების ვადის ცვლილებაც - ნორმები, რომლებიც 2026 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო, კანონპროექტით დიფერენცირებულად ამოქმედდება, კერძოდ:

• 2026 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია გადამხდელ სააგენტოსთან; ფერმერული მეურნეობებისა და სოფლად არსებული საწარმოების რეესტრთან; სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისა და არასასოფლო-სამეურნეო ეკონომიკური საქმიანობის შესახებ გეოინფორმაციულ და სივრცით მონაცემებთან, ასევე, მონაცემთა გაცვლასთან.
• 2028 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ნორმები, რომლებიც დაკავშირებულია ინტეგრირებული ადმინისტრირებისა და კონტროლის ერთიანი ელექტრონული სისტემის მონაცემთა ბაზების შექმნასთან, კოორდინაციასა და მართვასთან; დაფინანსების განაცხადების ერთიან ელექტრონულ სისტემასთან; ანგარიშგებისა და მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზასთან; სხვა მონაცემთა ბაზებთან.

კანონპროექტის ავტორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.

დღის ამბები