"ჩვენთვის უძვირფასესნი არიან ემიგრანტები, ის ქართველები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობენ. ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზანს ისიც წარმოადგენს, რომ საქართველოს ეკონომიკური წინსვლის, პროგრესის, მეტი სამუშაო ადგილის შექმნის, მეტი დოვლათის მოპოვების და ცხოვრების წესის ამაღლებასთან ერთად, მეტად მოხდეს ინსპირაცია საქართველოში ჩვენი ემიგრანტების დაბრუნების," - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
დავით მათიკაშვილი გამოეხმაურა საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც გულისხმობს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში.
"რაც შეეხება ცვლილებებს, - ეს არის ძალიან ობიექტური დაკვირვების და დემოკრატიულ ქვეყნებში არსებული პრაქტიკის გააზრების და გაანალიზების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. 21-ე საუკუნეში, მითუმეტეს უცხოეთში, შედარებით მარტივია მანიპულირება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით. არადა, იმ ფონზე, რომ ჩვენმა ქვეყანამ დაასრულა საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების პროცესი, საპარლამენტო არჩევნები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ რაიმე ტარდება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ მდგენელში. იმ ერთ დღეს ყველას აქვს და უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ პროცესში. მაგალითად, შარშანდელ არჩევნებზე 95 000 იყო რეგისტრირებული ამომრჩევლად და სულ 36 000-მდე მივიდა და რეალურად მისცა ხმა.
საუბარია იმაზე, რომ 4 წელიწადში ერთხელ იყოს მინიმალური კონტაქტი მაინც სამშობლოსთან, - ეს ხომ უფლებაა, ეს არ არის არავის ვალდებულება. გარკვეულ პატრიოტულ-ემოციურ დამოკიდებულებაში საკუთარ ქვეყანასთან, ცხადია, რომ ამ უფლების რეალიზაცია იყო, არის და რჩება ძალიან მნიშვნელოვან და სათუთ საკონსტიტუციო უფლებად, მაგრამ ეს უფლება რომ რეალიზდეს ისე, როგორც ამას მოითხოვს ჩვენი კონსტიტუცია, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები...[..] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება არის ძალიან საინტერესო, ბერძნულ მხარესთან არის იქ მიღებული და არის ძალიან კარგად ახსნილი, რომ ვერანაირი საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება ვერ შექმნის სხვა ქვეყანაში ისეთ პირობებს არჩევნებისთვის, როგორსაც შენ ქმნი შენს ქვეყანაში. არჩევანი უნდა იყოს დაცლილი ყოველგვარი ზეწოლისგან", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.