16 აგვისტო 2026,   20:23
ვრცლად
ქართველი დედოფლის მოწამებრივი აღსასრული კათოლიკური ეკლესიის კედელზე და ლისაბონში ჩატანილი ქართული მრავალხმიანობა - "კურიერი P.S." ევროპის ერთ-ერთ უძველეს დედაქალაქში განცდილ საქართველოზე

საქართველოდან შორს, ევროპის ერთ-ერთ უძველეს დედაქალაქში, 17-ე საუკუნის ქართული ამბავი ცოცხლდება, კათოლიკე მისიონერებმა პორტუგალიაში რომ ჩაიტანეს და გაავრცელეს.

ქართველი დედოფლის მოწამებრივი აღსასრული კათოლიკური ეკლესიის კედელზე, შორეული მეზღვაურების ქვეყანაში, 1080-მა ფილამ დაიტია. პორტუგალიური ტრადიციული სტილით, აზულეჟუთი, გადმოცემულია დედოფლის ირანში ჩასვლის, წამებისა და ავგუსტინელი ბერების მიერ მისი წმინდა ნაწილების თეიმურაზ მეფისთვის გადაცემის ეპიზოდები. ისტორიული წყაროების მიხედვით, პორტუგალიელი მისიონერები ქეთევან დედოფლის წამების თვითმხილველები იყვნენ. პანოზე ჩანს, რომ ყველა ჯალათს თვალები აქვს დაზიანებული. უნიკალური კედლის მხატვრობა წლების წინ აღმოაჩინეს და რესტავრაციაც ჩაუტარეს.

გაოცებას იწვევს და ჩვენთვის კიდევ უფრო ემოციურია, როცა ევროპის ამ განაპირა ქვეყანაში ასეთი უნიკალური კედლის მხატვრობა საქართველოს ისტორიის ერთ ტრაგიკულ ფურცელზე გვიყვება, დრომ და საუკუნეებმა ვერაფერი რომ ვერ დააკლო და სამუდამოდ შემოგვინახა, და ახლა არამხოლოდ ეს პანოა მშობლიური, ეს ჰანგებიც ამ კედელთან წლების შემდეგ პირველად რომ აჟღერდა, გრასას კათოლიკურ ეკლესიაში.

ლისაბონში პატარა საქართველო ანსამბლმა "შვიდკაცამ" ჩაიტანა. მუსიკალური პროგრამაც ისეთივე მრავალფეროვანი იყო, როგორიც ადამიანების ემოციები.

ქართული მრავალხმიანობის მოსასმენად კათოლიკურ ეკლესიაში მივიდნენ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატები, პორტუგალიელი ახალგაზრდები, ქართველი ემიგრანტები. მართალია სიტყვები არ ესმოდათ, თუმცა ქართულმა ჰანგებმა მათ გულამდე მაინც მიაღწია და ისინიც აამღერა.

პორტუგალიაში ჩატარებული საღამო არანაკლებ ემოციური იყო ანსამბლ "შვიდკაცას" წევრებისთვისაც. მით უფრო იმ ადგილას, სადაც მათი ქვეყნის ისტორია ცოცხლდება. ჯერ კიდევ შორეულ წარსულში პორტუგალიელებსა და ქართველებს შორის რომ მჭიდრო ურთიერთობები იყო, ამას პორტუგალიელების მიერ დღემდე შემონახული საგანძურიც ადასტურებს. მისი აღმოჩენისა და რესტავრაციის დროს, საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა იყო, რომელიც გვიყვება ვინ და როგორ მიაკვლია ქეთევან წამებულის აზულეჟუს ოკეანისპირა ქვეყანაში.

საღამოზე გაიმართა წიგნის პრეზენტაციაც - გამოცემის, რომელიც ქეთევან დედოფალთან დაკავშირებით სამეცნიერო ნაშრომებს მოიცავს. ქართული ანსამბლის კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოდან ჩასული სტუმრებიც, ხელისუფლების წარმომადგენლები. "შვიდკაცას" კონცერტი კულტურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხარდაჭერით ჩატარდა.

კონცერტის დასრულების შემდეგ გამართულ ვახშამზე სტუმრებმა ქართველი შეფის მიერ მომზადებული ქართული ტრადიციული კერძებიც დააგემოვნეს, მოგვიანებით კი პატარა ფერად ქუჩაზე გადაინაცვლეს, რესტორანიც ქართული იყო და რამდენიმე წუთში მუსიკით შექმნილი განწყობაც.

ქართველებმა ფადუს სამშობლოში გიტარაზე შესრულებული მუსიკითა და მრავალხმიანობით მასპინძლები გააოცეს. შორეული მეზღვაურების ქვეყანაში ქართველი მომღერლების მოგზაურობა ამით დასრულდა, ქართველი წამებული დედოფლის ამბავი კი პორტუგალიაში მოგზაურობას ისევ განაგრძობს.

დღის ამბები