14 აგვისტო 2026,   04:30
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მიერ შექმნილი სტრუქტურა გაუქმებულია - რისთვის შეიქმნა 2006–2007 წლებში ყოფილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ანტისახელმწიფოებრივად ცხადდება - მმართველი გუნდი "ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ ადმინისტრაციას" აუქმებს. პირველი კანონმდებლის ინიციატივას მთავრობის სრული მხარდაჭერა აქვს. სახელისუფლებო პარტია გადაწყვეტილებას არაერთი არგუმენტით ამყარებს. გეგმა ცნობილია, გაცხადებულია მიზანიც - ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის სრულად აღდგენა.

მიხეილ სააკაშვილის ეს გეოპოლიტიკური თამაში 2006 წლიდან იწყება, წლების შემდეგ კი მის მიერ გადადგმული ნაბიჯები ეროვნული ინტერესების ღალატად შეფასდება. 2007 წელი - ბრძანება ნომერი 296, რომლითაც მიხეილ სააკაშვილმა ზვიად გამსახურდიას მიერ 1990 წელს გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები აღადგინა, შექმნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, რაც შემდგომ ოკუპაციის წინაპირობა გახდა. ეს ყველაფერი კი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გარე ძალების გეოპოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდებოდა.

ბრალდებულმა და მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრების დე-ფაქტო აღდგენით, ახალგორის მუნიციპალიტეტი მცხეთა-მთიანეთისგან გამოყო და მის მიერვე შექმნილი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შემადგენლობაში შეიყვანა. ჩაატარა არჩევნებიც, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ ჰქონდა.

დროებითი ადმინისტრაციის ლიკვიდაცია ძალაში 2026 წლის 1 იანვრიდან შევა. ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები კი ფუნქციონირებას განაგრძობენ. სახელისუფლებო პარტიის განმარტებით, ეს მუნიციპალიტეტები კონსტიტუციის დაცვით, ლეგიტიმურად არის არჩეული, შესაბამისად სახელმწიფო მოქალაქეებზე ზრუნვას განაგრძობს.

"ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებები საქართველოს პრობლემებს საერთაშორისო დავაშიც უქმნის. სახელისუფლებო პარტიაში განმარტავენ, რომ სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმებული საზღვრების აღდგენას, რუსეთი, სტრასბურგის სასამართლოში საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ იყენებდა. "ქართული ოცნება" გადაწყვეტილებას კიდევ ერთი არგუმენტით ხსნის: საქართველო წლებია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე მუშაობს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ "სამხრეთ ოსეთის" ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება კი, კონსტიტუციისა და ეროვნული ინტერესების ღალატი იყო, რადგან არავითარი "სამხრეთ ოსეთი" ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს.

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყნის ღალატის ეს ეპიზოდი საკონსტიტუციო სარჩელში უკვე მოხვდა. საკონსტიტუციო სასამართლომდე კი დროებით ადმინისტრაციასთან ერთად 2006-2007 წლებში მიღებული ორი კანონი გაუქმდება.

დღის ამბები