"წარმოდგენილი პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში და ეფექტიანია. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ, წინდახედულებიც და სამი მოსმენის რეჟიმში შესაძლებლობა იქნება ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დაგეგმილი საკანონმდებლო ცლილების განმარტებისას.
"ჩვენი საზოგადოება ხედავს, რომ სამწუხაროდ ეს გამოწვევა დღეს არის, როდესაც 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანები ჩართული არიან სხვადასხვა სახის დანაშაულში. ვინაიდან 14 წლამდე არ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ეს კიდევ უფრო აქეზებს რეციდივს და განმეორებით დანაშაულის ჩადენას. ამას რეაგირება სჭირდება.
ვეძებდით მოდელებს, თუ რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე ადეკვატური პასუხი. წარმოდგენილი პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს, რომელიც გამოცდილია წლების განმავლობაში და ეფექტიანია. პროექტის განხილვა მიდის ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს არ არის დაჩქარებული კანონპროექტი. ვისმენთ ყველა მოსაზრებას, რომელიც ამ საკითხს უკავშირდება. საქმე ეხება ჩვენს მომავალ თაობას და აქედან გამომდინარე, ფრთხილებიც ვართ, წინდახედულებიც და სამი მოსმენის რეჟიმში შესაძლებლობა იქნება ყველა საკითხზე ვიმსჯელოთ.
არსებობს საუკეთესო გამოცდილება სხვადასხვა ქვეყანაში და ამ გამოცდილებაზე დაფუძნებით შემუშავდა პროექტი, რომელიც საპარლამენტო განხილვების პროცესში კიდევ უფრო დაიხვეწება და მიიღეს საბოლოო სახეს ყველა მოსაზრების გათვალისწინებით", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ" კანონპროექტი განიხილა და მხარი დაუჭირა.
კანონპროექტი ეხება არასრულწლოვანებს, რომელთა მიმართებითაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ.