სეპარატისტული რეჟიმის ირიბი ლეგიტიმაცია და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღალატი - ასე აფასებენ მმართველ გუნდში, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიღებულ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს. საუბარია 2006 წელს, ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არაკონსტიტუციურ არჩევნებზე, რომლის შედეგად ე.წ. "სამხრეთ ოსეთის ალტერნატიული მთავრობა" ჩამოყალიბდა. მომდევნო წელს კი არაკონსტიტუციური ალტერნატიული მთავრობის ბაზაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული შეიქმნა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ სწორედ ეს დანაშაულებრივი ქმედებები აღმოჩნდა 2008 წელს, ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგების მომტანი. ახლა კი მმართველი გუნდი, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, დროებითი ადმინისტრაციის გაუქმებას გეგმავს.
სახელისუფლებო პარტიის ბრალდებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ქმედებები, გარე ძალების გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი იყო და სააკაშვილის ხელით გატარებულმა პოლიტიკამ ქვეყანა ომამდე მიიყვანა არ იზიარებენ თავად სააკაშვილის პარტიაში. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საპასუხოდ მმართველი გუნდი, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით წარმოებული პოლიტიკის გამო დაადანაშაულა.
უმრავლესობის გადაწყვეტილება 2006 და 2007 წლებში მიღებული ორი კანონის და დროებითი ადმინისტრაციის გაუქმებას ითვალისწინებს. საკითხი დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ არსებობს საფრთხეები, საქართველომ დაკარგოს საკუთარი პოზიციები ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში.
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე, დროებითი ადმინისტრაციული ერთეული გაუქმების გადაწყვეტილების საჭიროებას, მმართველი გუნდი კიდევ ერთი არგუმენტით ხსნის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ იმ ფონზე, როცა საქართველო წლებია არაღიარების პოლიტიკის გაძლიერებაზე მუშაობს, “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ “სამხრეთ ოსეთის“ ტერმინის თუნდაც ირიბი გამოყენება იყო კონსტიტუციის და ეროვნული ინტერესების ღალატი. რადგან არავითარი „სამხრეთ ოსეთი“ ქართულ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს.
დროებითი ადმინისტრაციის ლიკვიდაცია 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. ფუნქციონირებას კი გააგრძელებს ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები. სახელისუფლებო პარტიის განმარტებით, ეს მუნიციპალიტეტები ლეგიტიმურად და კონსტიტუციის დაცვით არის არჩეული.