საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის ფარული მიზნები ცნობილი "კურიერის" მიერ დახურული წერილის, ექსკლუზიურად მოპოვების შემდეგ გახდა. EPP-ის წევრი კშიშტოფ ბრეიზა მისი ავტორობით მომზადებული წერილით ევროკომისიის პრეზიდენტისგან საქართველოს წინააღმდეგ კონკრეტული მექანიზმების ამოქმედებას მოითხოვს. პოლონელი პოლიტიკოსი, ურსულა ფონ დერ ლაიენის დარწმუნებას ცდილობს, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით რუსეთს ეხმარება.
EPP-ის წევრების გასაიდუმლოებული წერილის მიღმა, მმართველი გუნდი ევროპის სახალხო პარტიის უცვლელ ხელწერას და საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კამპანიის გაგრძელებას ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობა წერილის შინაარს დეზინფორმაციას უწოდებს. იხსენებენ საერთაშორისო მონიტორინგის შედეგებს და აცხადებენ, რომ ვერცერთმა ავტორიტეტულმა ჯგუფმა, საქართველოში სანქციების გვერდის ავლის ფაქტი ვერ აღმოაჩინა.
"კურიერის" მიერ მოპოვებული წერილი "საგარეო პოლიტიკის ცენტრის" მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობითაა მომზადებული. ამ სტატიის ორი ავტორი ჰყავს, ერთის ვინაობა ანონიმურია, მეორე კი ილია რუბანისია. რუბანისი ანალიტიკური ცენტრ "ჯეოქეისის" მკვლევარია. სახელისუფლებო გუნდი ვიქტორ ყიფიანის ორგანიზაციის მკვლევარს ურჩევს ევროკავშირის, ამერიკისა და ბრიტანეთის სანქციების კოორდინატორების შეფასებებს გაეცნოს. "ქართულ ოცნებაში" მიაჩნიათ, რომ ტყუილის ტირაჟირებაზე პასუხისმგებლობა რუბანისთან ერთად ვიქტორ ყიფიანსაც ეკისრება. რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან ყიფიანს? "კურიერი" მასაც დაუკავშირდა, თუმცა "ჯეოქეისის" თავმჯდომარემ კომენტარზე უარი თქვა.
EPP-ის წერილის შინაარსში შესვლა ოპოზიციას არ სურს. "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრია, საკუთარი პოლიტიკური ოჯახის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე საუბარი არ სურთ. ხელისუფლების ოპონენტები კონკრეტულ კითხვებს თავს არიდებენ, თუმცა ამტკიცებენ, რომ საქართველო რუსეთს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება.
ევროკომისიის პრეზიდენტისთვის გაგზავნილი წერილი, პარლამენტის თავმჯდომარისთვის, საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობის დადასტურებაა.
"ევროპის სახალხო პარტიის" მიერ მომზადებული წერილი 20 ნოემბრით თარიღდება. დოკუმენტი ევროკომისიის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, უკვე ჩაბარდა. EPP-ის ინტერესი წერილის შინაარსის გასაიდუმლოება იყო, თუმცა გეგმა "კურიერის" მიერ მისი მოპოვების შემდეგ ჩავარდა.