14 აგვისტო 2026,   04:30
ვრცლად
ახალი კანონპროექტი არასრულწლოვნებისთვის - რას ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებები და მხარს უჭერს თუ არა კანონს ოპოზიცია

არასრულწლოვანთა მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის სახლი გერმანიაში - ადგილი სადაც კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდები ზოგადი განათლებას გარდა, სხვადასხვა პროფესიასაც ეუფლებიან.

ახალი კანონპროექტის კანონად ქცევის შემთხვევაში , ასეთი დაწესებულებები საქართველოში გაჩნდება, მხარდამჭერ სახლებში კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის არასრულწლოვნები მოხვდებიან, რომლებმაც სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება 10-დან 14 წლამდე ასაკში ჩაიდინეს. გერმანული მოდელის ზუსტ ანალოგზე ღამის კურიერის ეთერში კანონპროექტის ერთ ერთმა ავტორმა ისაუბრა.

არასრულწლოვანთა მიმართ, ახალი მექანიზმის შემუშავების აუცილებლობაზე საუბრობს ოპოზიციაც. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი კანონით დაცული უნდა იყოს არასრულწლოვანთა უფლებები და საუკეთესო ინტერესები.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც გერმანული მოდელის ზუსტი ანალოგია დაკომპლექტდება მულტი დისციპლინარული ჯგუფიც, რომელიც არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, განსაზღვრავს პროგრამებს და ამ პროგრამებში მათი ჩართვის საჭიროებას. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ მიზანი, არა დასჯა , არამედ იმ არასრულწლოვნებზე ზრუნვაა, რომლებსაც ზრდასრულები ხშირად კანონსაწინააღმდეგო ქმედებებისთვის იყენებენ.

ქურდობა, ძარცვა, თავდასხმა- არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა მზარდი, მათზე რეაგირების მექანიზმი კი ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, მცირეა. იქამდე ვიდრე გერმანული მოდელის ქართულ რეალობაზე მორგება გადაწყდებოდა, შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები გერმანიაში იმყოფებოდნენ და სპეციალისტების გამოცდილება გაიზიარეს.

“კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ კანონპროექტი უკვე ინიცირებულია. 19 გვერდიანი დოკუმენტის საკომიტეტო განხილვა ხვალიდან დაიწყება.

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები