მშვიდობა დიდი დათმობების სანაცვლოდ - "აქსიოსი", "როიტერსი", "ეკონომისტი", "ფაინენშელ თაიმსი" - ოფიციალურად გამოუქვეყნებელი "ტრამპის გეგმის" დეტალები მედიისთვის ცნობილი გახდა. საუბარია რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო 28-პუნქტიან შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც კიევს სთხოვენ დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებსა და ახალ პოლიტიკურ პირობებს. კერძოდ, გეგმაში გაწერილია- უკრაინის მიერ რუსეთისთვის დონბასის სრული დათმობა და ამერიკის მიერ ყირიმისა და დონბასის რუსეთის ტერიტორიებად აღიარება; ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, ამჟამად არსებული მონაცემებით, ფრონტის ხაზის გაყინვა; უკრაინის არმიის რიცხოვნობის ორჯერ შემცირება და უკრაინაში მეორე სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება. ამ დათმობების სანაცვლოდ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს.
NBC News-ის ინფორმაციით, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა "სამშვიდობო გეგმას", რომელზეც ამერიკელი მაღალჩინოსნები რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან, და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად მუშაობდნენ. აშშ-ის მხრიდან გეგმაზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მუშაობდნენ.
კიევს ახალ გეგმასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით პოზიცია არ გაუჟღერებია. "ფაინენშელ თაიმსი" წერს, რომ გეგმა უკრაინულ მხარეს უკვე გაეგზავნა, თუმცა შეთავაზებული პირობები მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გარდა ამისა, მედიაში არსებული ინფორმაციით, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ანკარაში ვიზიტს გეგმავდა, სადაც სამმხრივი შეხვედრა უნდა გამართულიყო ვოლოდიმირ ზელენსკისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა არ შედგა, რადგან უკრაინის პრეზიდენტი არ იყო დაინტერესებული შეერთებული შტატების ახალი „სამშვიდობო წინადადების“ განხილვით.
ევროპას სურს სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან ყოფნა - მესიჯი ბრიუსელიდან ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა გაახმოვანა. კაია კალასმა დაადასტურა უკრაინის მხარდაჭერა და თქვა, რომ მშვიდობა კაპიტულაციის ხარჯზე არ მიიღწევა.
რამდენად ერთსულოვანი იქნება უკრაინის მხარდაჭერა ევროპიდან? - საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან ბოლო დროინდელმა კორუფციულმა სკანდალმა ოფიციალური კიევის პოზიციები საგრძნობლად შეასუსტა.
ვიდრე ომში ჩართული მხარეების მიერ ოფიციალური განცხადება გაკეთდება, კრემლის პოზიცია დიმიტრი პესკოვმა გაახმოვანა. პრეს-სპიკერმა თქვა, რომ რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ახლა კონსულტაციები არ მიმდინარეობს.
"ტრამპის გეგმის" შესახებ კიდევ ერთ ცნობას ბრიტანული "თაიმსიც" აქვეყნებს. გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ "სამშვიდობო შეთანხმების" თაობაზე ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელ მაღალჩინოსნებს კიევში შეხვდება.