საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვა დაიწყო. დღეს საკითხი ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გავიდა. ცვლილება ეხება საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის წესს. ისევე როგორც თვითმმართველობის არჩევნების შემთხვევაში, საპარლამენტოზეც, მათ ხმის მიცემა მხოლოდ ქვეყნის საზღვრებში შეეძლებათ.
"ინფორმირებულობა გადაწყვეტილების მიღებისა არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეგმენტი. იმ პოლარიზებულ მედიაგარემოში, რომელიც, სამწუხაროდ, არის საქართველოში, ხდება თვალ-ყურის დევნება, მოსმენა ან ყურება მხოლოდ ერთი მიმართულების. უცხოეთში ბევრად რთულია სხვა ალტერნატიული აზრის, სხვა შეხედულების გაცნობის და გააზრების შესაძლებლობა, ვიდრე საკუთარ სამშობლოში იმიტომ, რომ აქ მართლაც ხანდახან ჰაერიც კი არის გაჯერებული იმ პოლიტიკური მდგენელით, რომელიც არსებობს ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს ქვეყანაში და მარტივი კომუნიკაციაა ახლობლებთან, მარტივი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, ბევრად ხელს უწყობს არარეზიდენტ მოქალაქეს გადაწყვეტილების ფორმირებაში, ვიდრე მხოლოდ პოლარიზებული ერთი მიმართულებით. ეს გააზრებული პოლიტიკური არჩევანი არის ჩვენი არარეზიდენტი მოქალაქეების მიერ გასაკეთებელი საქართველოში, და არა მის ფარგლებს გარეთ“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.