რას მიიღებს ქვეყანა "იგლ ჰილსის" პროექტისგან - პრემიერ-მინისტრმა ამ თემაზე ვრცლად კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განმარტება გააკეთა კომერციული ხელშეკრულების შესახებაც და განაცხადა, რომ სახელმწიფო ამ პროექტიდან 33 პროცენტიან მოგებას მიიღებს. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ე.წ. არაბიზაციაზე საუბარი წმინდა წყლის სპეკულაციაა. 6, 6 მილიარდიანი პროექტის წინააღმდეგ კი კამპანია ლელოს ლიდერებმა მიზანმიმართულად დაიწყეს.
პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის და "იგლ ჰილსის" შედარება ერთმანეთისთვის კომიკურია.
"ხელისუფლების მხრიდან ბუნდოვანი არაბული პროექტის შედარება ანაკლიის პორტის პროექტთან არის უბრალოდ კომიკური და დანაშაულებრივი.
შეუძლებელია, ერთმანეთს შეადარო ერთის მხრივ ანაკლიის საპორტო პროექტი, რომელიც თანხვედრაშია გეოპოლიტიკურ ინტერესებთან, საერთაშორისო როლთან, ეკონომიკურ და სამხედრო როლთან. მეორეს მხრივ კი ამას შეადარო დეველოპერული პროექტი, რომელიც ბუნდოვანია და სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს", - აცხადებს თაზო დათუნაშვილი.