"ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან ეკონომიკა და პოლიტიკა. ევროკავშირის ელჩი და ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ძირითადად, მიგვითითებენ იმ ჩამორჩენაზე, რაც არის დაკავშირებული ქვეყნის პოლიტიკურ ნებასთან, ისწრაფოდეს ევროპული მომავლისაკენ," - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია "საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი შარაშიძემ ევროკომისიის პროგნოზთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც საქართველოს 7,3%-იანი ეკონომიკური ზრდა უწინასწარმეტყველა.
მისივე შეფასებით, საქართველო ამ მიმართულებით საპირისპიროს აკეთებს.
"უკრაინა და მოლდოვა, განსაკუთრებით მოლდოვა, მიისწრაფვიან ევროპისკენ, ისინი დგამენ ნაბიჯებს საკუთარი კანონმდებლობის დაახლოებისკენ ევროპულ კანონმდებლობასთან და ა.შ. საქართველო საპირისპიროს აკეთებს," - აცხადებს გიორგი შარაშიძე.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7,3% იქნება, უკრაინის და მოლდოვის კი - 1,6%. ევროკომისიამ "ევროპის ეკონომიკური პროგნოზის" შემოდგომის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში წერია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა ძლიერი დარჩება და 7%-ს გადააჭარბებს.