15 აგვისტო 2026,   15:40
ვრცლად
ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის იმ მჭიდრო ისტორიულ კავშირებზე, რაც არსებობს ჩვენს ხალხებს შორის და იმ მიმართულებებზე, რომლის მხრივაც მეტი ძალისხმევა არის საჭირო - მაკა ბოჭორიშვილმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა

მაკა ბოჭორიშვილმა ისრაელში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ბოლო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ქნესეთის თავმჯდომარესთან გამართა.

მანამდე, მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს, როგორც ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებზე, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე.

ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი, ასევე, ისრაელის სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრსაც შეხვდა. მხარეებმა განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები.

"ჩვენ ვისაუბრეთ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე. საკმაოდ მჭიდრო არის ჩვენს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოდ და კარგად აისახება ჩვენს ურთიერთობებზე. ვისაუბრეთ, სამომავლოდ თუ როგორ უნდა გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის.

გარდა ამისა, ჩვენ ვისაუბრეთ, ზოგადად, ორ ქვეყანას შორის იმ მჭიდრო ისტორიულ კავშირებზე, რაც არსებობს ჩვენს ხალხებს შორის და იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებითაც მეტი ძალისხმევა არის საჭირო. იქნება ეს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, ბიზნეს კავშირების გაძლიერება, რაც პოზიტიურად უნდა აისახოს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობებსა და განვითარებაზე", - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები