14 აგვისტო 2026,   02:13
ვრცლად
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია უქმდება - რა არგუმენტები აქვს "ქართულ ოცნებას"

"ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაცია" უქმდება. პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, ძალადაკარგულად ცხადდება შესაბამისი ორი კანონიც. განცხადება დღეს სწორედ პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა, რომელმაც 2006-2007 წლების მოვლენებსა და დღევანდელ გადაწყვეტილებას შორის მიზეზშედეგობრივ კავშირებზე ვრცლად ისაუბრა.

"ეროვნული ინტერესების დაცვა, რომელსაც თავის დროზე ქვეყნის მთავარსარდალმა უღალატა" - შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადმინისტრაციული ერთეული, 18 წლის წინ, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა, რაც, მისივე თქმით, გარე ძალების გეოპოლიტიკურ ინტერესებს უკავშირდებოდა. სპიკერი ამბობს, რომ სეპარატისტული არჩევნებისთვის ირიბი ლეგიტიმაციის მინიჭებით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებამ ჯერ 1990 წელს გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები აღადგინა, შემდეგ კი შექმნა ტერიტორიული ადმინისტრაცია, რაც სწორედ ოკუპაციის წინაპირობა გახდა - პრობლემის, რომლის მოგვარებასაც სააკაშვილის დამკვიდრებული ტერმინი დღესაც ხელს უშლის.

ყოფილ სამხრეთ ოსეთის ოლქში ალტერნატიული პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილმა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მოტივით დანიშნა. ინიციატივას, რომელსაც მალევე, 2008 წლის აგვისტოს ომი მოჰყვა, დღესაც სახელმწიფოებრიობის მხარდაჭერით ამართლებს "ნაციონალური მოძრაობა".

ყოფილი ხელისუფლების გადაწყვეტილებები მოქმედს საერთაშორისო დავაშიც პრობლემებს უქმნიდა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, სამხრეთ ოსეთის ოლქის გაუქმებული საზღვრების აღდგენის გამო, რუსეთი სტრასბურგის სასამართლოში სათავისოდ პოზიციონირებდა. ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან დაკავშირებული ეს და სხვა ნაბიჯები "ნაციონალური მოძრაობის" აკრძალვის კონსტიტუციურ სარჩელშიც მოხვდა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებას სკეპტიკურად უყურებენ მათი ოპონენტები. გახარიასა და ხაზარაძის პარტიებში უჭირთ საუბარი იმაზე, რამდენად გააძლიერებს არაღიარების პოლიტიკას დროებითი ადმინისტრაციული ერთეულის გაუქმება. ვერ პასუხობენ ვერც კითხვას - იყო თუ არა ლეგიტიმური, ან რა მიზანს ემსახურებოდა ე.წ. სამხრეთ ოსეთში ალტერნატიული არჩევნების ჩატარება?..

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ხელისუფლებას კონსტიტუცია ავალდებულებს, გააუქმოს ანტიკონსტიტუციური წარმონაქმნი, რომელიც, მათივე თქმით, სააკაშვილის მმართველობის ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი იყო.

ცხინვალის რეგიონში ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკას დღეს ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები ატარებენ, რომელთა დევნილობაში მყოფი თვითმმართველობითი ორგანოები, კონსტიტუციის დაცვით, ლეგიტიმურად არის არჩეული.

დღის ამბები