08 აგვისტო 2026,   09:14
ვრცლად
"იგლ ჰილსი" - ვის ინტერესშია, ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო მასშტაბის ინვესტიცია საფრთხედ წარმოაჩინოს?

ოპოზიციის ტრადიციულ ტერმინებს - "პრორუსულსა", "პროჩინურს" ახალი ტერმინი შეემატა - "არაბული". ამ ფორმით, ოპოზიცია იმ პროექტს მოიხსენიებს, რომელმაც საქართველოს 6 მილიარდზე მეტი ღირებულების ინვესტიცია უნდა მოუტანოს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად, არგუმენტების მიღება მათგან რთულია, მარკეტინგული გათვლა კი უკვე გაშიფრული - სიტყვა "არაბულმა" ქართველები შეაშინოს და მათში პროტესტი გააჩინოს.

ხელისუფლების ოპონენტთა რიგებში გამოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ზუსტად მიხვდნენ, რომ არაბული ინვესტიციის წინააღმდეგ ბრძოლა - საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ - მხოლოდ მათ იმიჯს აზიანებს.

არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ისლამურ სახელმწიფოთა რიგებში, ამერიკის შეერთებული შტატების უალტერნატივო პარტნიორი რომ არის, ამას არაერთი ფაქტი მოწმობს, მათ შორის დონალდ ტრამპის შეხვედრა საამიროების პრეზიდენტთან და ის სამხედრო ბაზები, რომლებიც წლებია, შეერთებულ შტატებს საამიროებში აქვს განთავსებული.

თავად "ემაარ ჯგუფი", რომელმაც გადაწყვიტა, საქართველოში მრავალ მილიარდიანი ინვესტიცია და მეგა პროექტი განახორციელოს, კალიფორნიაშიც ოპერირებს. ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე სამშენებლო კომპანიის ყოფნა იმის კიდევ ერთი დასტურია, რომ ინვესტორი მაღალი საერთაშორისო სტანდარტით ხელმძღვანელობს.

დადასტურდა ისიც, რომ მასშტაბური, ისტორიული პროექტი ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდება, რაც ასობით დასაქმებულ ქართველ არქიტექტორს, დიზაინერს, მშენებელსა და ინჟინერს უდრის.

მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს ინიციატივა ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურება და საქართველოს ახალ ეკონომიკურ ორბიტაზე გაიყვანს, რაც საქართველოს მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსსაც მიანიჭებს.

და მაინც, რატომ ლანძღავენ, აკნინებენ და ულახავენ სტატუსს ამერიკის მთავარ პარტნიორს საქართველოში ოპოზიციის ის წარმომადგენლები, რომლებიც შტატებთან ურთიერთობით ხშირად ხალხში თავსაც იწონებენ, გაუგებარია. "ქართულ ოცნებაში" ფიქრობენ, რომ ოპოზიციის მთავარი მიზანი საერთაშორისო პარტნიორის დისკრედიტაციაა, მითუმეტეს, რომ "იგლ ჰილს - საქართველო" არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ საერთაშორისო დონეზე უპრეცედენტო პროექტია.

"იგლ ჰილს - საქართველოს" მშენებლობა მალე დაიწყება და დასრულდება კიდეც. 

დღის ამბები