სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ფარული ვიდეოჩანაწერი შპს "ჰერმესის" სპეციალისტის წინააღმდეგ საქმეში მთავარი მტკიცებულებაა. 2-წუთიან ვიდეოში ბრალდებული საფლავების შეძენით დაინტერესებულ ქალს 4600 ლარის სანაცვლოდ ყალბი დოკუმენტის დამზადებას ჰპირდება, თითქოს მუხათგვერდის სასაფლაოზე მოქალაქის გარდაცვლილი ბაბუაა დასაფლავებული. დოკუმენტის მიღების შემდეგ კი კლიენტი სამადგილიანი საფლავის მიღებას შეძლებდა.
"კურიერი" დღეს შემთხვევის ადგილზე - მუხათგვერდის სასაფლაობაზეც მივიდა. დაკავებულის თანამშრომლები ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. "კურიერთან" ყვებიან იმასაც, რომ საფლავების გასხვისება ყოველთვის კანონის ფარგლებში ხდებოდა.
მუხათგვერდის საქალაქო სასაფლაოს სპეციალისტს ბრალის ოფიციალური დადგენილება დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გააცნეს. გამოძიება მას კომერციულ მოსყიდვას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას ედავება. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
ადვოკატი ამბობს, რომ გირაოს პროკურატურა ითხოვს, ბრალდებულისთვის კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაა მოთხოვნილი. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული საფლავებს კანონის გვერდის ავლით ყიდდა.
დაკავებული ახლა სასამართლო პროცესის მოლოდინშია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტორი: ნანა გოგატაძე