საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ აფრიკის დასახლებაში ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია.
მისივე განმარტებით, წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ აღნიშნულ დასახლებაში ეკლესია აშენებულიყო, პროექტიც არსებობდა, თუმცა შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟიც ახლა განხორციელდა, იმ პროექტითაც არ იყო გათვალისწინებული.
"ზოგადად, საპატრიარქო არ იძლევა ნებართვებს ტაძრის მშენებლობაზე, თუ არ არის გადმოცემული მიწა, თუ არ ეკუთვნის საპატრიარქოს. ამ შემთხვევაშიც წლების წინ იყო მოთხოვნა, რომ საპატრიარქოს მიეცა ნებართვა, რაღაც პროექტიც არსებობდა, თუმცა ტაძრის მშენებლობაზე საპატრიარქოს ნებართვა არ გაუცია. როგორც ირკვევა, ეს შენობა-ნაგებობა, რომელიც დაინგრა, იმ არდამტკიცებულ პროექტშიც არ შედიოდა. არც საპატრიარქოში შესული პროექტი არ იქნა დამტკიცებული, რადგან მიწა არ იყო ჩვენი, ანუ რაიმე მშენებლობაზე საპატრიარქო საქმის კურსში არ იყო. ჩვენ ახლა გავიგეთ, რომ მანდ რაღაც შენობა იყო. აქამდე არ გვქონდა არანაირი ინფორმაცია, რაიმე ნაგებობის არსებობაზე, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყო საპატრიარქოსთან", – განაცხადა ჯაღმაიძემ.
ცნობისთვის, თბილისის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გავრცელებული ინფორმაცია - თითქოს, მერიამ აფრიკის დასახლებაში ეკლესია დაანგრია, სიცრუეა. უწყების ცნობით, მოხდა მხოლოდ უკანონოდ განთავსებული, დაუმთავრებელი ნაგებობებისა და მსუბუქი კონსტრუქციების დემონტაჟი, მათ შორის ერთი მცირე შენობისაც, რომელსაც ერთ-ერთი ტელეკომპანია 14 წლის განმავლობაში მშენებარე ეკლესიად ასაღებდა. ამასთან მერიამ გაავრცელა ნაგებობის ფოტომასალაც.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს განმარტება გააკეთა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც.