აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით "მწვანე ენერგეტიკული დერეფნის" მე-11-ე მინისტერიალი გაიმართა. შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გახსნა. მინისტერიალზე მხარეებმა წყალქვეშა კაბელისა და მწვანე კორიდორის პროექტების სამომავლო კოორდინაციის საკითხები, ასევე შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ანგარიში განიხილეს.
"განვიხილეთ მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტი, რომელიც აკავშირებს აზერბაიჯანს, საქართველოს, შავი ზღვის გავლით, რუმინეთსა და უნგრეთს. დერეფანი მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ენერგორესურსები, კერძოდ კი ელექტროენერგია საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროკავშირში გავიტანოთ და ამით წვლილი შევიტანოთ ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში. აღნიშნული პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულება მომავალი წლის პირველ კვარტალში იგეგმება, რაც უკვე ახალ პერსპექტივას შექმნის ინვესტიციებზე დისკუსიის დასაწყებად," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კომენტარი გააკეთა რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა, კრისტიან ბუსოიმაც.
"რუმინეთი საქართველოს პარტნიორია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტში, რომელიც არა მხოლოდ გაამყარებს კარგ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, არამედ ხელს შეუწყობს რუმინეთის ამბიციას, შეაგროვოს ელექტროენერგია კასპიის რეგიონიდან და შეიტანს წვლილს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და მთელი ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში," - განაცხადა მან.